ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია თანახმაა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასთან ნებისმიერი სახის დებატები გამართოს.
"სამწუხაროდ, დღეს იყო კიდევ ერთი მცდელობა დათო ნარმანიას შტაბის მხრიდან, რომ საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეეყვანა. მე დებატებში მონაწილეობაზე უარი არასდროს მითქვამს. მე ვარ აბსოლუტურად თანახმა ნებისმიერ ფორმატზე, 4 ტელევიზიისგან გვაქვს მოწვევა მიღებული. ტელეკომპანია საზოგადოებრივ მაუწყებელში 1 საათში უნდა გვქონოდა დებატები, მაგრამ ნარმანია არ იღებს მონაწილეობას მასში.
მიუხედავად ამისა, მე გამოვთქვამ მზადყოფნას, მივიღო მისთვის სასურველ ფორმატში მონაწილეობა. იქ, სადაც ის უფრო მეტ კომფორტს იგრძნობს. თუნდაც ეს იყოს ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანიებმა, რომლებისგანაც მივიღეთ მოწვევა, ამაზე განაცხადონ თანხმობა. თუ ისინი შეცვლიან პოზიციებს და ნაცვლად იმ დებატებისა, სადაც გვეპატიჟებიან, გაიმართება ერთი დებატი და ისინი მიიღებენ იქ მონაწილეობას, არანაირი პრობლემა არ არის.
ძალიან სამწუხაროა, რომ დათო ნარმანია, უბრალოდ, ემალება საზოგადოებას და მისი შტაბი ცდილობს, ამგვარი მანევრებით მოახერხოს, მისთვის სახარბიელო მდგომარეობის შექმნა. მნიშვნელოვანია, შედგეს დებატები და არ ვუკარნახოთ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, განსაკუთრებით მედიას და არ დავუდგინოთ წესები და ფორმატები", - თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ დებატებს სთავაზობს.
კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, ოპონენტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში გაიმართება დებატები, სადაც მონაწილეობას ყველა ნაციონალური მაუწყებელი მიიღებს. მათ საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები, ასევე დებატები გადასცენ საკუთარ ეთერში. მისი თქმით, საჭიროა მხოლოდ ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ამ პირობებს დათანხმდეს და წერილობით დაადასტუროს. სასურველია, ეს ყველაფერი სწრაფად მოხდეს, რათა დებატების ჩატარებისთვის ტექნიკური სამუშაოები მოესწროს.




