ცესკო: მუნიციპალურ არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით შემაჯამებელ ოქმს არ ვიღებთ

ცესკო-ს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით შემაჯამებელი ოქმის მიღების უფლებამოსილება არ აქვს და, შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადების შესახებ საუბარი უადგილოა, - თქვა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

„ცესკო-ს უფლებამოსილება გახლავთ, სასამართლო დავების დასრულების შემდეგ, ამ არჩევნების შედეგად გამარჯვებულები გამოაცხადოს, ხოლო იქ, სადაც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მეორე ტური დანიშნოს. გუშინ არჩევნების პროპორციულ, მაჟორიტარულ, მერის და გამგებლის ნაწილში ყველა სასამართლო დავა დასრულდა, შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის უფლებამოსილება ჰქონდა“, - ამბობს შარაბიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ცესკო-მ 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნები სასამართლოში გასაჩივრების ვადების სრული უგულებელყოფით შეაჯამა, დღის წესრიგში შეიტანა ახალი საკითხი დამატებით და არჩევნების მეორე ტურის თარიღად 12 ივლისი დაასახელა. ენმ ცესკო-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები