საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

TI: მაღალი თანამდებობის პირები უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო სხდომების მონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა შეიცავს ინფორმაციას 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის მაისამდე გამართული სასამართლო სხდომების შესახებ. ორგანიზაციის დამკვირვებლები თბილისის და ქუთაისის სასამართლოებში ესწრებიან პროცესებს, სადაც რვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის – ივანე მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ბაჩანა ახალაიას, დათა ახალაიას, ნიკა გვარამიას, მეგის ქარდავას და ცეზარ ჩოჩელის – საქმეები იხილება. სასამართლო პროცესების ნაწილი უკვე დასრულებულია და საქმეებზე საბოლოო განაჩენებია გამოტანილი, თუმცა ანგარიშმა ასევე მოიცვა საქმეები, რომელთა განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ წინა მონიტორინგის პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა პროცესებზე პროკურატურის წარმომადგენელთა გამოსვლები, საყურადღებო ფაქტები და გარკვეული პრობლემები მაინც დაფიქსირდა. TI აღნიშნავს, რომ ზოგიერთი შემთხვევა მოწმეთა არაობიექტურობის ეჭვს აჩენს. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ მონიტორინგის პერიოდში ვრცელდებოდა მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებები, რომლებიც პირდაპირ არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

"ასეთი შემთხვევები შესაძლოა სასამართლოზე არაპირდაპირ ზეწოლად შეფასდეს. პროცესების მიმდინარეობისას პოლიტიკოსები მათ პოლიტიზებას ცდილობდნენ, რასაც შეეძლო არაპირდაპირი გავლენა მოეხდინა მოსამართლეებზე" - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში.

მონიტორინგის მიხედვითვე, პროკურატურის რამდენიმე მოწმე თავად იყო ბრალდებული და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. ამ მოწმეთაგან ზოგიერთის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მათი ბრალდების მხარის მოწმედ გამოსვლის პერიოდში შეწყდა.

"ეს მოწმეები ჩვენებებს ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აძლევდნენ. გამოიკვეთა მოწმე, რომელიც სხვადასხვა თანამდებობის პირის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას. მაგალითად ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა პირმა, რომელიც ბაჩანა ახალაიას საქმეშიც მოწმედ ფიგურირებდა. სწორედ ამ ადამიანს ახალაიას ერთ-ერთ პროცესზე ჩვენების მიცემისას ხელის გულზე დაწერილი ინფორმაცია აღმოუჩინეს. ზოგ შემთხვევაში სასამართლოთა შენობებში ვერ ხერხდებოდა მოწმეების განცალკევება. ამის შედეგად ერთ საქმეზე დაბარებული რამდენიმე მოწმე სხდომის დაწყებას დერეფანში ერთად ელოდებოდა და მათ კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. მონიტორები ხშირად აფიქსირებდნენ, რომ მოწმეები დერეფანში ერთმანეთს ესაუბრებოდნენ" - ნათქვამია ანგარიშში.

TI კვლევაში წერს გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის მოსამართლეზე, რომელმაც თქვა, რომ მისი მდივნის ინფორმაციით, პროკურორი მოსამართლის მივლინებით დაინტერესდა. ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე შემთხვევაში დაცვის მხარის წარმომადგენლებმა პროცესის დასრულების შემდეგ უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებები გაავრცელეს.

"რამდენიმე სხდომაზე პროკურორები პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას ცდილობდნენ (მაგალითად, გიორგი (გიგი) უგულავას და ბაჩანა ახალაიას საქმეები). ერთ შემთხვევაში პროცესის გაჭიანურება დაცვის მხარემ სცადა. ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ წარმოებულ 3 სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული მოსამართლეები (ბესიკ ბუგიანიშვილი, დავით მგელიაშვილი და გიორგი დარახველიძე) ამ საქმეების განხილვამდე მცირე ხნით ადრე, ერთსა და იმავე დღეს გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამგვარი დამთხვევა გარკვეულ კითხვებს აჩენს. ასეთი პრაქტიკა საეჭვოს ხდის პროცესის ობიექტურობას, არ უპასუხებს გამჭვირვალობის სათანადო სტანდარტებს და სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის ხარვეზიანობაზე მიუთითებს" - აცხადებს TI.

ორგანიზაციას ბაჩო ახალაიას მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ყოფილი თანამდებობის პირი გამამტყუნებელ გააჩენამდე თითქმის ერთწლიან პატიმრობაში იმყოფებოდა, რაც კანონმდებლობის ხარვეზი და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენებაა. TI გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ ჯობდა, სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობა მხარეთა თანდასწრებით განეხილა.

"ბაჩანა ახალაია 2012 წლის 6 ნოემბერს დააკავეს, მის მიმართ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი კი 2013 წლის 28 ოქტომბერს დადგა. ბრალდებული თითქმის 1 წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, თუმცა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა. მართალია, ეს არ არის კანონის დარღვევა, თუმცა აღნიშნული ფაქტი, ერთი მხრივ, კანონმდებლობის ხარვეზზე მიუთითებს და, მეორე მხრივ, ბადებს
ეჭვს, რომ ბრალდების მხარეს შეეძლო ეს ხარვეზი ბოროტად (ბრალდებულის ხანგრძლივად პატიმრობაში დატოვებისთვის) გამოეყენებინა.
გიორგი (გიგი) უგულავას სასამართლომ სხდომაზე მისი არყოფნისას მერის უფლებამოსილება შეუჩერა. მართალია, სასამართლო უფლებამოსილია ასეთი შუამდგომლობა მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა და იგი პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერს ეხებოდა, უმჯობესი იქნებოდა, მერის
თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობაც მხარეთა თანდასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა" - ნათქვამია TI-ს ანგარიშში.

კომენტარები