საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

ბოკერია ხელისუფლებას: რუსეთისგან კომპენსაციის გაცემის საქმე ბოლომდე მიიყვანეთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ რუსეთის მიერ 2006 წელს დაზარალებული ეთნიკური ქართველებისთვის კომპენსაციის გაცემის საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ბოკერიამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს სახელმწიფოთაშორისი დავა მოუგო.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე, თავის დროზე იდგა ამოცანა, რომ პირველი, მიღწეულიყო სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომ რუსეთი არის დამნაშავე და არღვევს ევროპულ კონვენციას იმ ქმედებებით, რომელიც მან ჩაიდინა საქართველოს მოქალაქეების, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ 2006 წელს. მეორე, ამ დანაშაულზე დაყრდნობით, ამ ხალხს მიეღო კომპენსაცია. პირველი ამოცანა მიღწეულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებაა, ახლა უნდა მივაღწიოთ შესაბამის კომპენსაციას ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი უფლებებიც დაარღვია რუსეთის ფედერაციამ. მე მოვუწოდებ და მოვითხოვ ახალი ხელისუფლებისგან, რომლის მთელი ყურადღება ოპონენტების დევნისკენ არის მიპყრობილი, რომ იქნებ რაღაც დრო, ენერგია და კომპეტენცია გამონახოს და ეს საქმე მაინც მიიყვანოს ბოლომდე მას შემდეგ, რაც მთავარი ამოცანა იქნა მიღწეული მრავალწლიანი შრომის შედეგად", - განაცხადა ბოკერიამ.

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" . სასამართლოს დიდი პალატის ღია სხდომას ორივე მხარის - საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, "კომპენსაციის ოდენობის გარშემო უნდა შედგეს იუსტიციის ორ სამინისტროს შორის მოლაპარაკებები, რისთვისაც ევროპელმა მოსამართლემ მოგვცა 12-თვიანი ვადა".

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნა, შევიწროება და ქვეყნიდან მათი მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.

კომენტარები