ბენზინის ფასი

საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასმა 2-დან 5 თეთრამდე მოიმატა

საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასმა 2-დან 5 თეთრამდე მოიმატა. ნავთობ იმპორტიორი კომპანიების განცხადებით, ამის მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულების ზრდა გახდა, რომელმაც 7% შეადგინა. კომპანიებში განმარტავენ, რომ არსებული რეზერვი უკვე გამოყენებულია და სწორედ ამის გამო არ გაიზარდა საწვავის ფასი ერთი თვის წინ.

მთავრობის წარმომადგენლებიც საწვავის გაძვირებას მსოფლიო ფასებს უკავშირებენ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმაზეც საუბრობს, რომ ბოლო წელიწად-ნახევარის განმავლობაში ფასები იყო სტაბილური, იყო შემცირებისა და ოდნავი ზრდის ფაქტებიც.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი საწვავის ფასის ზრდას ერაყში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის კრიზისს უკვშირებს. მისი თქმით, მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი ნავთობი არ აქვს.

ეროვნული ბანკის მაისის თვის მიმოხილვის მიხედვით, 2014 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 2.4 პროცენტით გაიზარდა. კვლავ გაგრძელდა ფასების წლიური მატება სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტზე, მათ შორის ბენზინსა და დიზელზე. აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდის ტემპებმა იმატა და შესაბამისად 4.6 პროცენტი და 4.0 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის მაისის თვესთან მიმართებაში 3.9 პროცენტით შემცირდა ფასები გაზის საწვავზე.

კომენტარები