საქართველო-რუსეთი

ზურაბ აბაშიძე: დაღესტნიდან მშენებარე გზის საკითხი კარასინთან არ განხილულა

ზურაბ აბაშიძე

დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. როგორც რუსულ სააგენტო რეგნუმს დაღესტნის ავტოსაგზაო კომპანიის ხელმძღვანელმა ზაგიდ ხუჩბაროვმა განუცხადა, გზა ასფალტით დაიფარება, დაღესტნის ოთხ მაღალმთიან რაიონს გაივლის და რეგიონს საქართველოსთან შეაერთებს. პროექტის პრეზენტაცია 2 ივლისს გაიმართა.

მისი თქმით, გზის მშენებლობაზე დაახლოებთ ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება. მისი ამოქმედება კი ეკონომიკურად დეპრესიულ რაიონებს სატრანზიტო რეგიონად აქცევს და მათ განვითარებას ხელს შეუწყობს.

როგორც ტაბულასთან საუბრისას პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მისი შეხვედრების ფორმატში რუსეთ-საქართველოს ახალი გზის მშენებლობის საკითხი არ განხილულა და „ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ თქმულა".

საქართველოში დაღესტნიდან ახალი გზის მშენებლობის განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2008 წლის თებერვალში გასცა. როგორც მაშინ პუტინმა განაცხადა, არსებული გზის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რადგან მასზე სამხედრო ტექნიკა ვერ იმოძრავებდა. „ეს გზა ვნახე, იქ 130 კილომეტრიდან მხოლოდ 30 არის ასფალტით დაფარული. მაგრამ მისი მხოლოდ ასფალტით დაფარვაც საკმარისი არ არის - აქ მძიმე სამხედრო ტექნიკამ ერთხელ რომ გაიაროს, ადგილობრივები უკვე ვეღარ ივლიან", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები