ადმინისტრაციული პატიმრობა

ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი 90-დღიდან 15 დღემდე მცირდება

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი 90-დან 15 დღემდე მცირდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძისა და მისი პირველი მოადგილის შალვა შავგულიძის მომზადებული პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი. შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში, რომლითაც ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღეზე მეტხნიანი ვადაა განსაზღვრული.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ადმინისტრაციული წესით 90-დღიანი პატიმრობა პროპორციულობის პრინციპს არ შეესაბამება. მათივე თქმით, ამას ადასტურებს ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღეს არ აღემატება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღემდე შემცირებას მიესალმებიან. უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ძალიან სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას, რათა ადმინისტრაციული დარღვევა მისთვის ყოფილიყო ბერკეტი ადამიანის ზემოქმედებისთვის.

“ეს იყო დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმისათვის და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორი, რომ ეს საკითხი გადაიხედოს”, - აღნიშნა დეპუტატმა.

დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ადმინისტრაციული პატიმრობა დგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 90 დღემდე ვადით.

კომენტარები