განმეორებით კენჭისყრაზე უბნების ამომრჩეველთა 36,63 პროცენტი მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა აქტივობამ დღეს 36,63 პროცენტი შეადგინა.

საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა. ხმის მიცემა დღეს განმეორებთ 9 ოლქის 14 უბანზე ჩატარდა, სადაც 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაუქმდა აღმოჩენილი დარღვევების გამო.

ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებთ, ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ძირითადად დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომლებზეც საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 2 საჩივარი და 7 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. შვიდივე შემთხვევაში საიას დამკვირვებლის შენიშვნები გათვალისწინებული იქნა, რის გამოც საჩივრები აღარ დაიწერა.

ასევე, 20 საათისთვის მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარე პროცესის შესახებ აღნიშნავს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), რომელიც განმეორებითი კენჭისყრის პროცესს ცხრა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირდა პროცედურული ხასიათის დარღვევები, თუმცა ზემოაღნიშნული ხარვეზები მყისიერად გამოსწორდა ადმინისტრაციის მხრიდან. CDD-ის სადამკვირვებლო მისიის წევრების მიერ კენჭისყრის პროცესი დადებითად შეფასდა.

კომენტარები