პრეზიდენტი: დავიწყეთ მოძრაობა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ

"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ დავიწყეთ ახალი მიზნისკენ მოძრაობა და ეს მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ამ გზაზე ჩვენ მტკიცედ და განუხრელად ვივლით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც საგანგებო ვიდეომიმართვაში მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. პრეზიდენტის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებამ ქვეყანა ევროპულ ოჯახთან ძალიან ახლოს მიიყვანა. მისი შეფასებით, შეთანხმება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი სიკეთე აისახება ყველა მოქალაქის, თითოული ოჯახის ცხოვრებაზე.

"უპირველესად, ჩვენ ვხდებით უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, კრიზისების რეაგირების ევროპული სისტემის შემადგენელი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად გახდის სოციალურად ორიენტირებულს, ჩვენს სახელმწიფოს კი, თავის მხრივ - უფრო დემოკრატიულს და უფრო მეტად ორიენტირებულს თითო მოქალაქეზე", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემის - ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, სწორედ ეს გზაა უნიკალური.

"ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეებს ჩვენ ასევე შევთავაზებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენ შევთავაზებთ მათ ისეთ საქართველოს, რომელიც სწორედაც რომ ევროპის ნაწილი იქნება. ჩვენ ავაშენებთ ევროპულ საქართველოს. ამ ქვეყანაში დაცული იქნება ნებისმიერი ეთნიკური, პოლიტიკური, სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებები", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა და განსაკუთრებული ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, ამ ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო ხდება ევროპული ბაზრის ნაწილი.

"რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 500 მილიონამდე მსყიდველუნარიან მოქალაქეს აერთიანებს და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 13 ტრილიონ ევროს აღწევს. ეს არის ძალიან საინტერესო ბაზარი ნებისმიერი ბიზნესმენისთვის და, ბუნებრივია, ქართულ ბიზნესს მიეცემა ახალი იმპულსი, საქართველოში დამზადებული პროდუქტი კი იქნება ევროპული ხარისხის და, ბუნებრივია, საინტერესო როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვა ბაზრებისთვის. მინდა ასევე, ხაზგასმით აღვნიშნო ამ ხელშეკრულების შედეგად ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ეკოლოგიის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. ეს ნაბიჯები ჩვენ უფრო დაგვაახლოებს ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან. ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი დღესაც გამარტივებულია, მაგრამ ამ ხელშეკრულების ამოქმედების კვალდაკვალ, დარწმუნებულივარ, 2016 წლიდან ევროკავშირთან გვექნება თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა. ამ გზაზე ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპული ქვეყნების ლიდერები. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ თავიანთი გამოცდილებით, მხარდაჭერით და გვიცხადებენ მზადყოფნას ამ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დაამატა, რომ ევროკავშირთამ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც ასეთი რანგის ხელშეკრულება გააფორმა. 

"საქართველო ბუნებრივად არის ევროპული კულტურის ნაწილი; ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ბუნებრივად მისაღები და გასაზიარებელია. ჩვენ ვიყავით არა უბრალოდ ამ კულტურის ნაწილი, არამედ მისი თანაშემოქმედიც საუკუნეების განმავლობაში. დღეს ჩვენ ვხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელშიც დიდსა და მცირე ერს ერთნაირად ეძლევა შესაძლებლობა განავითაროს თავისი კულტურა, სახელმწიფოებრიობა, უნიკალურობა", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები