პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დღეიდან საქართველოსთვის განსხვავებული ეპოქა იწყება. მან ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზე რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
"დღეიდან უნდა დავიწყოთ რეალური საქმის კეთება და რეფორმების გატარება ყველა სექტორში – დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული ინსტიტუტების მშენებლობით. ეს შეიტანს სიკეთეს ძალიან ბევრ ოჯახში, ეს იქნება რეფორმების ციკლი, რომელიც გლეხიდან დაწყებული, მასწავლებლით დამთავრებული, ყველას მისცემს საშუალებას სისტემურად ჩამოყალიბდეს და ტრანსფორმაცია განახორციელოს. ეს მისცემს საშუალებას გლეხს, იმისას, რომ აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია და 500-მილიონიან ევროკავშირის ბაზარზე გაუშვას, ეს საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სისტემას იყოს უფრო ეფექტური, სადაზღვევო სისტემა გახდეს უფრო მოწყობილი და სისტემურად ევროპული ტიპის, სადაც ერთი მხრივ, მოქალაქეთა დაზღვევას თავის თავზე სახელმწიფო აიღებს, ხოლო მეორე მხრივ, კერძო სექტორს განვითარების საშუალება ექნება. ეს მეტ ინვესტიციას შემოიტანეს ქვეყანაში, შემოიტანს მეტ ნდობას ოჯახებში და ამავე დროს ხელს შეუწყობს ხარისხიანი პროდუციის წარმოებას ქვეყნის შიდა ბაზრისთვის და ასევე საექსპორტოდ ევროკავშირის ქვეყნებისათვის. ეს მოიცავს განათლების სექტორის ფორმირებას, დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმებისას. დღეიდან იწყება ყველაზე სერიოზული პერიოდი, როცა გვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რადგან მარტო ხელმოწერა განხორციელების გარეშე აზრს კარგავს", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.





