წამების მსხვერპლთა დახმარების დღე

ომბუდსმენის განცხადება წამების მსხვერპლთა დახმარების დღესთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღის აღნიშვნას და შეახსენებს ხელისუფლებას, რომ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის აკრძალვა ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, რომლიდანაც გადახვევა არანაირი გარემოებების არსებობის დროს არ არის დაშვებული და გამართლებული.

ომბუდსმენი 2012 წლის სექტემბერში, ე.წ. „ციხის კადრების“ გამოქვეყნებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ "წამება და არასათანადო მოპყრობა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენდა". მისივე თქმით, "მოგვიანებით, 2013 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მის კუთვნილ თუ სხვა ტერიტორიებზე არაერთი ვიდეო ჩანაწერის აღმოჩენამ მსგავს ქმედებათა სისტემურ ხასიათზე მიანიშნა, მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემის გარეთ". 

სახალხო დამცველის განცხადებით, დღეს წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა აღარ ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა, პრობლემად რჩება მოქალაქეების/მსჯავრდებულების მიმართ პოლიციისა და სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ განხორციელებული წამების, არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოიძიება, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია და მათი სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფა.

"გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, გამოიძიონ წამების ყველა ფაქტი, პასუხისგებაში მისცენ და დასაჯონ დამნაშავეები, გადაუხადონ კომპენსაცია მსხვერპლს, ანუ მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა დაუსჯელობასთან საბრძოლველად.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოთქვამს პოზიციას, რომ აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიებას უზრუნველყოფს. ასევე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია და გაატაროს ეფექტური ღონისძიებები წამების ეფექტური პრევენციისთვის" - აცხადებს სახალხო დამცველი.

26 ივნისს მსოფლიო წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

კომენტარები