ნარმანია: არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის სრულყოფის გამოვლინებაა

კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ქართული დემოკრატიის სრულყოფის გამოვლინებაა. მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

"15 ივნისს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთგულია იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისა, რომელსაც ქართული ოცნება ქვეყანაში ამკვიდრებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში პირველად დააწესა უპრეცედენტოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი, რითაც მნიშვნელოვნად გაზარდა არჩეული პირების ლეგიტიმაცია და რეალური თვითმმართველობა დაამყარა. ჩატარებული არჩევნები ჯეროვნად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ - უცხოურმა სადამკვირვებლო მისიებმა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა 15 ივნისის არჩევნებს დიპლომატიისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი უწოდეს. ჩვენ საბოლოოდ ვთქვით უარი სიცრუესა და ძალადობაზე, რაც საარჩევნო პროცესშიც გამოჩნდა. არჩევნების დემოკრატიულ, მაღალი სტანდარტის შესაბამისად ჩატარებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კანდიდატებს სულ რაღაც 2-3% დაგვაკლდა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. მეგობრებო, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ქართული დემოკრატიის სრულყოფის გამოვლინებაა", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტური გახსნილად გამოცხადდა.

"გრძელდება ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენი მიზანი თბილისის კომფორტულ ქალაქად ქცევა და თბილისელების კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მკაცრ ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებული მრავალკომპონენტიანი პროგრამა შევიმუშავეთ, რომლისგანაც სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფ: 1. დავუბრუნოთ თბილისს ისტორიული ფუნქცია და ვაქციოთ იგი რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად; 2. გადავაქციოთ თბილისი ჯანსაღ და კომფორტულ ქალაქად; 3. შევქმნათ სოლიდარული საზოგადოება და თითოეულ ოჯახში შევიტანოთ კეთილდღეობა", – აღნიშნა ნარმანიამ და იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩევლები მეორე ტურისთვის კიდევ უფრო გააქტიურდებიან. 

"იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩეველი მეორე ტურისთვის განსაკუთრებით გააქტიურდება და ყველას დაანახებს, რომ არ აპირებს პასიურობის გამო თბილისი ადამიანების მცირე ჯგუფის პარტიულ ინტერესებს მორგებულ პირადი გამდიდრების წყაროდ დატოვოს. ჩვენ ბრძოლის მეორე ეტაპს ვიწყებთ და თქვენთან ერთად დავუბრუნებთ თბილისს მის მოქალაქეებს", - განაცხადა ნარმანიამ. 

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ კოალიციის კანდიდატები ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურია დანიშნული, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

"ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ჩვენს მხარეს არის ქართული საზოგადოება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს! გახსოვდეთ, თითოეული ხმა გადამწყვეტია, თითოეული თქვენგანის ხმა იგებს", - თქვა ნარმანიამ. 

კომენტარები