არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ცესკოს და ხელისუფლებას მიმართავენ

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ცესკოს თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს მიმართავენ. ერთობლივი განცხადებით, პარტიები 15 ივნისის არჩევნებს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. თავისუფალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტული პარტია, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა, რეფორმატორები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მერაბ კოსტავას საზოგადოება, სახალხო პარტია, ევროპელი დემოკრატები, ჩვენი საქართველო და ქრისტიან-დემოკრატიული პარტია აღნიშნავენ, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებიდან მმართველი კოალიცია ერთადერთია, ვინც დადებითად აფასებს მიმდინარე არჩევნებს. 

"2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარებულა დემოკრატიულად, ხოლო მისი შედეგი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური ასახვას; მოვითხოვთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოახდინოს სადავო უბნების გადათვლა. იქ, სადაც ვერ ხერხდება რეალური შედეგების დადგენა, ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა; პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ინფორმაციას დარღვევების შესახებ; იქ, სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული პროკურატურამ მიიღოს შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მნიშვნელოვან პრივილეგიას ანიჭებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს და არ ქმნის თანაბარ პირობებს საარჩევნო სუბიექტებისათვის.

"მმართველმა კოალიციამ თავიდანვე აირჩია პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის არადემოკრატიული მიდგომა, როდესაც უარი თქვა წინა ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე და ცვლილებები ისე განახორციელა, რომ არ გაითვალისწინა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით" - აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიცია და აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების დროს ყველა დონის საარჩევნო კომისიის ე.წ. პროფესიული ქვოტა (13-დან 6 წევრი) თითქმის მთლიანად დაკომპლექტდა ქართული ოცნების აქტივისტებით, ხელისუფლების დაპირება ამომრჩეველთა ბიომეტრული ვერიფიკაციის შესახებ შეუსრულებელი დარჩა. 

პარტიების განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნისას ადგილი ჰქონდა არათანმიმდევრულ მიდგომას. ასევე, "ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა კონკურენტუნარიან კანდიდატების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლის ან მოსყიდვის ფაქტებს არჩევნებიდან მათი კანდიდატურების მოხსნის მიზნით". არასაპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნავს, რომ შემოწირულობებს საარჩევნო ფონდებში ძირითადად მმართველი პარტია იზიდავდა, ასევე, ხელისუფლება შეუზღუდავად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო მიზნებისთვის. 

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კენჭისყრის დღის დარღვევებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ რიგ საარჩევნო უბნებზე ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს აძევებდნენ, რის გამოც მათ არ მიეცათ ხმების დათვლის პროცედურაში მონაწილეობის საშუალება. მათივე თქმით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ყველა წინა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობას.

"მასობრივად ხდებოდა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა და ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების დამატება, მაღალია იმ დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობა, სადაც მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა არ ემთხვევა ნამდვილი და ბათილი ხმების ჯამს.  რიგ უბნებზე მმართველ პარტიას აქვს არარეალურად მაღალი შედეგები (90% და მეტი), ხოლო ოპოზიციურ პარტიებს პროპორციული სისტემით მიღებული აქვთ უფრო დაბალი შედეგი ვიდრე მაჟორიტარულით. საარჩევნო უბნების მასალები ხშირ შემთხვევებში არ არის დალუქული დადგენილი წესით, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის ბიულეტენების გადათვლას; საოლქო კომისიები საჩივრებს განიხილავენ არსებითი განხილვისა და მტკიცებულებების შესწავლის გარეშე" - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები