საბანკო სექტორი

ფიზიკურ პირებზე გაცემულმა სესხებმა მაისის თვეში 5.1 მილიარდს გადააჭარბა

REUTERS

2014 წლის მაისის განმავლობაში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები 2.1 პროცენტით ანუ 103.8 მლნ ლარით გაიზარდა და 5.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა - ამ ინფორმაციით საკრედიტო კაპიტალდაბანდების მიმოხილვა ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. 

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების სრული რაოდენობა 2014 წლის მაისში 10.8 მილიარდ ლარზე მეტი იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით მეტია. სესხები გაცემულია როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.

კომერციული ბანკების მიერ კომპანიებში გაკეთებულმა საკრედიტო კაპიტალდაბანდებამ ლარში 1.2 მილიარდი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 4.2 მილიარდი შეადგინა. 

იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების 70% სამ დარგზე, ვაჭრობას, მრეწველობასა და მშენებლობაზე, მოდის. ამ სამი სფეროდან სესხების მოცულობით სავაჭრო სფერო დომინირებს. 

ინფორმაციისთვის, 2014 წლის ივნისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, კომერციული ბანკების წარმომადგენლებს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების საკრედიტო რისკების შესახებ ესაუბრა და მოსახლეობას კრედიტების აღებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. 

კომენტარები