კოჟორიძე: ცესკო არჩევნების თარიღს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აცხადებს

არჩევნების მეორე ტურის დროულად დანიშვნის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე არასწორად მიიჩნევს. კოჟორიძის განმარტებით, კანონმდებლობით, "ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების თარიღს მხოლოდ მას შემდეგ აცხადებს, რაც საჩივრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, ან გასაჩივრების ვადა ამოიწურება".

როგორც კოჟორიძე ამბობს, იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები გასაჩივრდება, შესაძლოა, მეორე ტური ივლისის ბოლოს გაიმართოს.

ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თბილისსა და რეგიონებში არჩევნების მეორე ტურის სხვადასხვა დროს ჩატარებას არ გამორიცხავს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ენმ-ს აქვს სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნიო კომისიის მიმართ, უმოკლეს ვადებში დაასახელოს არჩევნების მეორე ტურის თარიღი. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის თარიღი შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. თამარ ჟვანია ენმ-ის მოთხოვნას საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიგი უგულავას განცხადება საკანონმდებლო ჩარჩოებს სცილდება.

კომენტარები