რუსული ოკუპაცია

მალაშხია: ბიბილოვის განცხადებაში აშკარად არის რუსული იმპერიული კვალი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის შოთა მალაშხიას შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, მარიონეტული მთავრობა რუსეთთან შეერთების საკითხს რეფერენდუმზე დააყენებს, "აშკარად არის რუსული იმპერიული კვალი".

"პუტინის კვალი, რომელსაც უნდა სსრკ-ის აღდგენა. ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ, მაგრამ არ ესმის მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე გაჰქონდეს ეს საკითხები, ის დაკავებულია შიდა დევნით და შურისძიებით. ეს ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ შეუთავსებელია რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი და, ამავდროულად, ევროპისკენ სიარული, NATO-სა და ევროკავშირში შესვლა", - თქვა მალაშხიამ.

როგორც ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო იტარ-ტასთან ინტერვიუში განაცხადა, "ჩვენ უარს არ ვამბობთ ძველ ლოზუნგებზე, ამ საკითხის მიმართ არანაირი ორმაგი მიდგომა არ იქნება. საკითხს რეფერენდუმზე გავიტანთ, მაგრამ ამით უკვე მთლიანად ფორმირებული, კონსოლიდირებული, მუშა პარლამენტი უნდა დაკავდეს".

ბიბილოვის განცხადება ცხინვალში ვლადიმირ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ყოფნას დაემთხვა. თუმცა, რუსული სააგენტო რია ნოვოსტის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთთან რუსეთთან შეერთების საკითხი მისი ვიზიტის დროს არ განხილულა.

 

კომენტარები