სამომხმარებლო ბაზარი

ბულგარეთი ევროკავშირში ყველაზე იაფი ქვეყანაა

სამომხმარებლო კალათა
REUTERS

ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მაღალი ფასების დონე დანიაში, ყველაზე დაბალი კი ბულგარეთში ფიქსირდება.

EuroStat-მა 2014 წლის ფასების დონის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

ფასების დონის ათვლის წერტილი არის EU28 - ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ფასების საშუალო მაჩვენებელი. 

ფასების დონის შედარება 6 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით გაკეთდა. შედარდა საკვებისა და არაალკოჰოლური სასმელების, ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის, პირადი ტრანსპორტის და რესტორნებისა და სასტუმროების საშუალო ფასები. 

ევროკავშირის ქვეყნებს შორის პროდუქციის სიძვირით დანია ლიდერობს და ქვეყნის ფასების დონე საშუალო ფასებზე 140%-ით მეტია, სიძვირით მეორე ქვეყანა შვედეთია (130%-ით მეტი). 

ყველაზე დაბალი ფასების დონე ბულგარეთშია (საშუალო ფასების დონის 48%-ია). საშუალო მონაცემთან შედარებით დაბალფასიანი ქვეყნების სიაში შედიან ესპანეთი (95%), საბერძნეთი (89%), უნგრეთი (60%) და პოლონეთი (57%). 

ევროპის კონტინენტზე (წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის) ფასების დონით ნორვეგია და შვეიცარია ლიდერობენ. ევროკავშირის საშუალო მონაცემზე 156%-ით მაღალი ფასების დონით. 

ე.წ. ძვირიან ქვეყნებში ყველაზე მაღალი ფასი საკვებ პროდუქტებზე, ალკოჰოლურ სასმელსა და თამბაქოზე და სასტუმროსა და რესტორნებზე ფიქსირდება. 

ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასის ინდექსი ევროპის საშუალო ფასის დონეზე 259%-ით მეტია. 

ყველაზე იაფი საკვები ევროპის კონტინენტზე მაკედონიაშია, ყველაზე ძვირი ნორვეგიაში. ანალოგიური მდგომარეობაა ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ბაზარზე (მაკედონია, ნორვეგია). 

ტანსაცმელი ყველაზე ძვირად ნორვეგიაში ფასობს, ყველაზე იაფად კი თურქეთში. 

სამომხმარებლო ელექტრონიკის შესაძენად ყველაზე ხელსაყრელი ფასები სერბეთშია, საშუალო ფასის 90%. 

ტრანსპორტირების მხრივ ყველაზე ძვირიანი ქვეყანა ნორვეგიაა, ყველაზე იაფიანი კი ალბანეთი. 

სასტუმროსა და რესტორნებში ყოფნა ყველაზე ძვირი მომხმარებელს ისევ და ისევ ნორვეგიაში უჯდება, ყველაზე იაფი კი ალბანეთსა და მაკედონიაში. 

ყველაზე ძვირიანი ქვეყნების პირველი ათეული ევროპის კონტინენტზე ასე გამოიყურება: 

  1. შვეიცარია
  2. ნორვეგია
  3. დანია
  4. შვედეთი 
  5. ლუსემბურგი
  6. ფინეთი
  7. გაერთიანებული სამეფო 
  8. ნიდერლანდები
  9. ბელგია
  10. საფრანგეთი 

სტატისტიკურ ანალიზში გამოყენებულია ფასების მონაცემები ევროპის კონტინენტის 37 ქვეყნიდან. სულ შედარებისათვის გამოყენებული იქნა 2 400 პროდუქტი. 

კომენტარები