პრემიები

ჟვანია: რა თანხაც დასახელდა, ეს არ იყო პრემია, ეს იყო სახელფასო დანამატი

pirveliradio.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მან 2013 წელს 35 280 ლარი არა პრემიის, არამედ სახელფასო დანამატის სახით აიღო. როგორც ჟვანიამ იმედის ეთერში, გადაცემა პანორამაში ჩართვისას თქვა, დანამატები გაიცა ყველა თანამშრომელზე, განურჩევლად რანგისა.

"ეს არ არის მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე გაცემული ხელფასები ან სახელფასო დანამატი. ასევე, აუცილებლად არის გასამიჯნი პრემია და დანამატი. ბევრი ადამიანი ამას ვერ ანსხვავებს. დანამატი არის კანონით განსაზღვრული, როდესაც არსებობს საბიუჯეტო დანაზოგი და დანამატები შეიძლება გაიცეს საბიუჯეტო დანაზოგების ფარგლებში, რაც არანაირად არ წარმოადგენს პრემიას, რომელიც რაღაც განსაკუთრებული საქმის შესრულებისას გაიცემა. ეს რიცხვები გასამიჯნია და ამის ჯამურად და ცალსახად მიწოდება, ძალიან რბილად რომ ვთქვა, ტყუილია. რაც შეეხება დანამატებს, შემიძლია გითხრათ, რომ ცესკო მუშაობს ძალიან გამჭვირვალედ, არც ერთ ინფორმაციას არ მალავს, მათ შორის ფინანსებს. მეორე ტურთან დაკავშირებით დანაზოგები საკმაოდ დიდი გვაქვს. ორ მილიონ ნახევარზე მეტი საბიუჯეტო დანაზოგი გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რაც წაადგება მეორე ტურის ჩატარებას და ბიუჯეტს დიდწილად არ დააწვება. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ახლა არც ერთი პრემია არ არის გაცემული და საარჩევნო პერიოდში მხოლოდ დანამატებია გაცემული, ბიუჯეტის დაზოგვის ხარჯზე. რაც დასახელდა, ეს არ იყო პრემია, ეს იყო დანამატები და ამ თანხიდან პრემია შეადგენდა დაახლოებით 10 000 ლარს, რაც ასევე შეიცავდა საშემოსავლო გადასახადებს, ალბათ, ესეც გასათვალისწინებელია. ეს დანამატები არ გაიცემა მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე, თითოეული თანამშრომელი დაწყებული ხელმძღვანელიდან სპეციალისტის ჩათვლით, თუნდაც დაბალი რანგის სპეციალისტის ჩათვლით ერთნაირად იღებს დანამატს და აქ გამონაკლისები არ არსებობს“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 2013 წელს (ოთხ თვეში), პრემიის სახით 35 280 ლარი აიღო. რაც შეეხება ცესკო-ს ყოფილ თავჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, მასზე პრემიის სახით 2013 წელს (რვა თვეში) 25 800 ლარი გაიცა.

კომენტარები