მედიაზე ზეწოლა

დუმბაძე: ანანიძესა და ვასაძეს შორის უთანხმოება მოქალაქეების დაპირისპირებაა

batumelebi.ge

ბათუმის ნაჟორიტარი დეპუტატის მურმან დუმბაძის შეფასებით, "აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მედეა ვასაძესა და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შორის არსებული უთანხმოება ორ მოქალაქეს შორის არსებული დაპირისპირებაა".

"მათ შორის ურთიერთობა ცოტა უფრო ადრე დაიწყო, სანამ მედეა ვასაძე გახდებოდა უმაღლესი საბჭოს წევრი და პოლიტიკურ თანამდებობას დაიჭერდა. ასე რომ, მე მაინც მგონია, რომ ორ მხარეს შორის არის აქ დაპირისპირება და არავითარ შემთხვევაში, ჟურნალისტსა და უმაღლეს საბჭოს წევრს შორის" - განაცხადა დუმბაძემ და 25-ე არხის კითხვაზე - რა უთანხმოებას გულისხმობს, თქვა, რომ "მეტ დეტალებში ვერ შევალ. თუ ძალიან აინტერესებს 25-ე არხს, უნდა დამიძახოთ სპეციალურ სტუდიაში... პოლემიკის წინაღმდეგი არ ვარ, თუმცა, მე მირჩევნია, რომ ეს საქმე დასრულდეს და წერტილი დაესვას".

დუმბაძის შეფასებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე. მისი მტკიცებით, დეპუტატთან დაპირისპირება საგამოძიებო ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო და იქამდე, მედეა ვასაძესთან "ჩვეულებრივი ურთიერთობა" ჰქონდა.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე ტელეარხ 25-ის ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს პროკურატურით დაემუქრა. სატელეფონო ჩანაწერში, რომელსაც TV 25 ავრცელებს,  ვასაძე ჟურნალისტს ეუბნება, რომ "შენს ორიენტაციას აყენებენ ეჭვს ქვეშ". TV25-ის ინფორმაციით, დეპუტატმა ჟურნალისტს ჯაბა ანანიძის მომზადებული საგამოძიებო ფილმის გამო დაურეკა. "უმაღლესი კომფორტით" ეთერში 8 ივნისს გავიდა. აღნიშნულ ფაქტზე ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა.

ამასთან, თავად მედეა ვასაძემ Media.Ge-სთან საუბრისას ჯაბა ანანიძისთვის დარეკვის ფაქტი დაადასტურა, თუმცა მასზე ზეწოლა უარყო.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე ჯაბა ანანიძის და სხვა ბათუმელი ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი გვერდი გაიხსნა, რის გამოც, TV 25-მა პროკურატურას მიმართა, ხოლო ჯაბა ანანიძე დაკითხეს. ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, TV25-მა მუშაობა ერთი დღით შეწყვიტა.

 

კომენტარები