პრემიები

პროექტის მიხედვით, საჯარო მოხელეები პრემიებს საკუთარ თავს ვეღარ გამოუწერენ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის განცხადებით, "საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოებში და გამორიცხული იქნება თვითნებობა ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან". როგორც კობახიძის და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, შესაბამისი პროექტი მთავრობის სხდომას ხუთშაბათს, 26 ივნისს წარედგინება.

ნინო კობახიძის განცხადებით, ბოლო დროს, საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და გაჩნდა კითხვები სახელმწიფო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით.

"სწორედ ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პრემიერმინისტრის დავალებით, ამ საკითხზე მუშაობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო, ამ დროისთვის უკვე შემუშავებულია პრემიების გაცემის წესი და სულ მალე წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. აღსანიშნავია, რომ პრემირების წესის შემუშავებაში ჩვენ გავითვალისწინეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას," - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას განცხადებით კი, დღეისათვის უკვე დადგენილია პრემიის ზედა ზღვარი. ამასთან, განსაზღვრულია როგორც პრემიის გაცემის პერიოდულობა, ასევე, პრემიის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების წრე. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ, შესაბამისი დასაბუთებით. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პრემიების გაცემის ერთიანი წესის პროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის მაქსიმალური ოდენობა მის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს.

„მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირების შეზღუდვა, ვერ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის თაობაზე. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს, მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება შესაბამისი დასაბუთებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს შესაბამისი მინისტრი. ხოლო, იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფებიან კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრემიერმინისტრი. ასევე, საქართველოს მთავრობის წევრებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერმინისტრი", - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.

კომენტარები