კრიმინალის სტატისტიკა

დანაშაულის დაუჯერებელი სტატისტიკა

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, პოლიციის გადამდგარი კაპიტანი შოთა უტიაშვილი

20 ივნისს შსს-მ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა მრავალთვიანი მითქმა-მოთქმისთვის და დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. შსს ამტკიცებს, რომ 2014 წლის 5 თვეში, 2013 წლის 5 თვესთან შედარებით, დანაშაული შემცირდა.


იმსახურებს თუ არა ნდობას შსს-ს ციფრები?

ჩემი პასუხია – ეს სტატისტიკა ტოტალურად ფალსიფიცირებულია. ის ნდობას არ იმსახურებს.

სტატისტიკური მონაცემების სანდოობის შემოწმების ყველაზე მარტივი გზა არის, შევადაროთ ის იმავე უწყების სხვა სტატისტიკას. თუ აღმოჩნდება, რომ ერთი და იგივე უწყება აქვეყნებს ორ, ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს, ცხადია, რომ საქმე გვაქვს სტატისტიკის ფალსიფიცირებასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ უწყების მონაცემები არ არის სანდო. სწორედ ეს ხდება შსს-ს შემთხვევაში.

2013 წლის აპრილში შსს-მ ჩაატარა ოფიციალური პრეზენტაცია და გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც დღემდე უწყების ვებგვერდზე დევს. ამ მონაცემების თანახმად, 2013 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში მოხდა 11708 დანაშაული.

20 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად კი, 2013 წლის პირველ ხუთ თვეში მოხდა 13215 დანაშაული, სხვაობა ამ ორ მონაცემს შორის 1507 ერთეულია.

მივიღეთ ვითარება, როდესაც წლის პირველ კვარტალში თვეში საშუალოდ 4000 დანაშაული ხდება, ხოლო შემდეგ ორ თვეში – მხოლოდ 1500. ანუ დანაშაულის რაოდენობა საშუალოდ 5,3-ჯერ შემცირდა. ივნისიდან დანაშაულის რაოდენობა ისევ იზრდება. სტატისტიკა 2013 წლის ივნისიდან დეკემბრამდე არ არსებობს, მაგრამ წლის მთლიან მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, თვეში საშუალოდ (უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, დანაშაულის სტატისტიკას მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს) 2400 დანაშაულს შეადგენს.

დანაშაულის ერთ თვეში ხუთჯერ შემცირება თავისთავად დაუჯერებელია, მაგრამ ისიც კი ფერმკრთალდება შემდეგ მონაცემთან შედარებით. 2013 იანვარ-მარტში საქართველოში გაიხსნა 3837 დანაშაული, იანვარ-მაისში კი 6447, ანუ მარტივი მათემატიკური გამოთვლებით მივიღებთ, რომ აპრილსა და მაისში გაიხსნა 2610 დანაშაული.

ე.ი. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2013 წლის აპრილსა და მაისში მოხდა 1507 დანაშაული და გაიხსნა 2610. ანუ, დანაშაულის გახსნის პროცენტი შეადგენს 174-ს, ანუ ყოველი მომხდარი 10 დანაშაულიდან პოლიცია ხსნის 17-ს.

შეიძლება, რომ ეს რიცხვები სწორი იყოს? ვინმემ შესაძლოა თქვას, რომ აპრილსა და მაისში პოლიციას შეიძლება გაეხსნა ახალმომხდართან ერთად ძალიან ბევრი ძველი დანაშაულიც. მაგრამ, ძველ დანაშაულს პოლიცია ხსნიდა იქამდეც, როდესაც გახსნის მაჩვენებლი 33 პროცენტი იყო (იანვარ-მარტის საშუალო), და მას შემდეგაც, როდესაც გახსნის მაჩვენებელი მოულოდნელად გაიზარდა 59,9 პროცენტამდე (2013 წლის საშუალო).

ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიცია 2013 წელს ვერ გახსნიდა ბევრ ძველ დანაშაულს, იმიტომ, რომ 2012 წლის დეკემბერში გამოშვებული ამნისტიის შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების უმეტესობას შეეხო, ამ მუხლებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება შეწყდა. რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკურ საქმეებს, მათი წილი სტატისტიკურად უმნიშვნელოა.

174-პროცენტიანი გახსნის მაჩვენებელი, ისევე როგორც ერთ თვეში დანაშაულის ხუთჯერ შემცირება, არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო მართლმსაჯულების ისტორიაში. ამის მსგავსიც კი არსად არასოდეს მომხდარა. დარწმუნებული ვარ, არც არასოდეს მოხდება.

შსს-მ, ალბათ, სანამ გვიან არ არის (თუ უკვე გვიან არ არის), სასწრაფოდ უარი უნდა თქვას სტატისტიკის მანიპულაციაზე და საზოგადოებას და, პირველ რიგში, საკუთარ თანამშრომლებს რეალური სურათი წარუდგინოს. ამის გარეშე დანაშაულთან რეალურ ბრძოლაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

P.S. ტრადიციული თავის მართლება, რომ ეს 9 წლის განმავლობაშიც ასე ხდებოდა და დანაშაულს ადრეც მალავდნენ, ამ შემთხვევაში არ გამოდგება. 2004 წელს, როდესაც სტატისტიკური სამსახური ჩემს კომპეტენციაში შემოვიდა, საქართველოში რეგისტრირდებოდა წელიწადში დაახლოებით 12 ათასამდე დანაშაული, შემდეგი წლების განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 60 ათასამდე გაიზარდა.

კომენტარები