ნაციონალური მოძრაობა

ჯაფარიძე: სატელეფონო საუბრისას განცდა შევქმენით, რომ თითქოს რაღაც მოგვქონდა

„მე და გოგა ხაჩიძემ სატელეფონო საუბრისას ისეთი განცდა შევქმენით, რომ თითქოს რაღაც მოგვქონდა, გვეგონა, აქ პოლიცია დაგვხვდა და გავერთობოდით, მაგრამ გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ბაქოს აეროპორტში საქართველოს მთელი საელჩო დაგვხვდა. მე და ირმა ნადირაშვილმა ელჩთან შეხვედრა ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს წარმომადგენლები ჩვენ შეგვხვედროდნენ, მითხრეს, რომ ისინი მებაჟეებს ეკითხებოდნენ ვიყავით თუ არა დაპატიმრებულები, ამათ რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათო. გარდა ამისა, დიდი ალბათობით საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები დადიოდნენ და ფოტოებს გვიღებდნენ. ამის შემდეგ ირმა და მე 30 წუთის განმავლობაში გვჩხრეკდნენ. ამის გამო თვითმფრინავმა 40 წუთით დააგვიანა“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში, თოქ-შოუ თეორემაში პირდაპირი ჩართვისას. ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი ბაქოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინათ ჩამოფრინდნენ.

ზურაბ ჯაფარიძის ვარაუდით, სპეცსამსახურები იმ პირებს უსმენდნენ, ვისაც დეპუტატი თბილისში ირმა ნადირაშვილის ვაიბერის საშუალებით უკავშირდებოდა.

როგორც ჯაფარიძე ყვება, ამას წინ მცირე შეფერხება უძღოდა. „შუადღისას უნდა გამოვფრენილიყავით. შემოწმება, როდესაც გავიარეთ, ერთ-ერთმა მებაჟემ გადაწყვიტა, რომ პირადად უნდა შევემოწმებინე, შემდეგ პასპორტი გამომართვეს, ჩემს გამო ირმა ნადირაშვილის დარჩა და მასაც  პასპორტი გმოართვეს. დაახლოებიღ 20 წუთის შემდეგ პასპორტები დაგვიბრუნეს, მაგრამ ამის გამო რეისზე დავაგვიანეთ, ბოდიში ზრდილობიანად მოგვიხადეს და გაგვაცილეს. შემდეგ ქალაქში წავედით, შუადღეზე ყავას ვსვამდით, როდესაც გავიგეთ, რომ თურმე დაგვაპატიმრეს და ელექტროშოკები და ფული აღმოგვაჩნდა. ამაზე ბევრი ვიცინეთ“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

საინფორმაციო სააგენტომ ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესბის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. 

აღნიშნულ ინფორმაციაზე ირმა ნადირაშვილმა კომენტარი უკვე გააკეთა. ”მე და ზურა ჯაფარიძე ამ წუთებში ვიმყოფებით ბაქოში, ძალიან მალე მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9-საათიან რეისსს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ველოდებით ამ მთავრობისგან და იმაზე უარესის დაბრალებასაც, რაც, როგორც აქ მომწერეს, ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია, თუ უნდათ, დაგვხვდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ”, - აღნიშნავს რუსთავი 2-თან სატელეფონო ჩართისას, ირმა ნადირაშვილი.

კომენტარები