ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ხმების დაცვას სასამართლოში აპირებენ. ენმ ცესკოს მოუწოდებს, მეორე ტურის თარიღი სწორედ სასამართლო პროცედურების გათვალისწინებით დანიშნოს. ამასთან, როგორც პარტიის საქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, აღნიშნული პროცედურების გამო, პირველი ტურის შედეგები 20 ივლისამდე სრულად ვერ შეჯამდება.
"ჩვენ გამოვიყენებთ კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას, რათა დავიცვათ თითოეული ხმა. საზოგადოებამ იცის, რომ ამ არჩევნებს, გარდა წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ძალადობის, ზეწოლის, დევნის და კამპანიაში ხელის შეშლისა, არჩევნების დღეს დაემატა გაყალბების უპრეცედენტო ფაქტები და მასშტაბი. ამიტომ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება ყველა პროცედურის გავლა, როგორც საოლქო და ცენტრალურ კომისიაში, ისე სასამართლოებში სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, ეს არცთუ დროში მოკლე პროცედურაა. ცესკოს მოვუწოდებთ, არ მოექცეს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ და გაითვალისწინოს, რომ ჩვენ ვაპირებთ ყველა დონეზე ჩვენი საარჩევნო ხმებისთვის ბრძოლას, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი ტური სრულად ვერ შეჯამდება 20 ივლისამდე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ამჟამად ახორციელებს ზეწოლას ცესკოზე, რომ რაც შეიძლება ახლო პერიოდში დაინიშნოს მეორე ტური, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოასწრონ სათანადო კამპანიის ჩატარება. მოვუწოდებთ ცესკოს, არ მოექცეს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ, გაითვალისწინონ, რომ ენმ-ც და სხვა პარტიებიც აპირებენ სასამართლო პროცედურების გავლას და, შესაბამისად, მეორე ტურის თარიღი დანიშნოს სწორედ ამ პროცედურების გათვალისწინებით", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით კი, არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაინიშნება. თამარ ჟვანიას თქმით, კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არაა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მარნეულში, იმ ორ უბანზე, სადაც ბიულეტინების ჩაყრის ფაქტები დაფიქსირდა ხელახალი კენჭისყრა 29 ივნისს გაიმართება. შედეგები ბათილად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დარღვევის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
ამასთან, თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში, ასევე, 13 თვითმმართველ თემში მერობის და გამგებლობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.





