ენმ: ხელისუფლება კვლავ ჩვენთან ბრძოლით არის დაკავებული

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "გუშინ საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების უსუსური და ღიმილის მომგვრელი რამდენიმე მცდელობა, დაეხატა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ისეთი შედეგები, რომელიც ერთი მხრივ აჩვენებდა, თითქოს ქართული ოცნების ელექტორალური მხარდაჭერა არ შემცირებულა, ხოლო მეორე მხრივ, დაადასტურებდა პრემიერის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ არაერთ განცხადებას, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს".

პარტიის განცხადებით, ამ სურათის შექმნას მიეძღვნა გუშინ დილით გამართული მთავრობის სხდომა, შუადღისას გამართული ვიცეპრემიერის სპეციალური ბრიფინგი და უკვე დღის მეორე ნახევარში გამართული პრემიერის სპეციალური ბრიფინგი.

"თავისთავად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მესამე დღეს, ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდეს მიზეზებზე, თუ რატომ დაკარგა მმართველმა პარტიამ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, ან როგორ აპირებს გაცემული დაპირებების ახალი კასკადის შესრულებას, კვლავ დაკავებულია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლით. მეტიც, გუშინ საღამოს, საზოგადოებამ იხილა პრემიერის სრულიად ცინიკური განცხადება იმის თაობაზე, რომ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების უკიდურესად დაბალი აქტიურობა თურმე ყოფილა მოსახლეობის მხრიდან ქართული ოცნების უპირობო მხარდაჭერის ილუსტრაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, ნაცვლად ქვეყანის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ფიქრისა, კვლავ აგრძელებს იმას, რითიც იყო დაკავებული ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში - ჩვენი განადგურების წინასწარ განწირული მცდელობით. ამავე დროს, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ქართული ოცნების დაჟინებული მცდელობა, დაამახინჯოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, არ წარმოადგენს ბ-ნი ივანიშვილის ან ბ-ნი ღარიბაშვილის მორიგ ახირებას", - აცხადებს ენმ და აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებით გუშინდელი ჟონგლიორობა არის ხელსაყრელი პოლიტიკური რეალობის შექმნის მცდელობა ერთადერთი ოპოზიციური ძალის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, წინასწარ გამოცხადებული დევნის მორიგი ტალღის დაწყებამდე.

"საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები "ცხელი ზაფხულის" თაობაზე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ელის. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ რეპრესიების მორიგი ეტაპის დასაწყებად სჭირდება ქართულ ოცნებას, ერთი მხრივ, მაღალი ლეგიტიმაცია (რომელიც ამ არჩევნებზე ვერ მიიღო), ხოლო მეორე მხრივ, ჩვენება, თითქოს ნაციონალური მოძრაობა იმდენად სუსტია, რომ მის მიმართ განხორციელებული დევნა შეუძლებელია პოლიტიკური ხასიათის მატარებელი იყოს. ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი მცდელობა არჩევნების შედეგების დამახინჯებულად წარმოჩენის, ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურების, განწირულია კრახისთვის. ერთადერთი, რაც ხელისუფლების ასეთ ქმედებებს მოაქვს - ეს არის ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პირადად ბ-ნ ივანიშვილს - თავი დაანებონ ერთადერთ ოპოზიციურ პარტიასთან ომს; ეს არ არის ის, რისთვისაც ისინი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია; და მეტი დრო დაუთმონ ქვეყნის წინაშე მდგარ შიდა თუ საგარეო გამოწვევებზე ფიქრს", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ცნობისთვის, გუშინ დილით მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარების 6.1%-ის გაყვანა შეძლო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%". ასევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაბალ რეიტინგს მიუძღვნეს პრესკონფერენციები ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ და თავად პრემიერმა ღარიბაშვილმა.

კომენტარები