ბრაზილია 2014

აშშ-ის ნაკრების გამარჯვება ათასობით ამერიკელმა ერთად აღნიშნა

bbc.co.uk

მსოფლიოს ჩემპიონატზე, G ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩში, ერთმანეთს განასა და აშშ-ის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. 

შეხვედრის პირველ წუთზე ამერიკელები კლინტ დემპსიმ დააწინაურა. ეს მიმდინარე ტურნირზე გატანილი ყველაზე სწრაფი გოლი გამოდგა, საერთოდ კი ამ მაჩვენებლით ყველა დროის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა.

ამის შემდეგ, ამერიკელებმა რამდენჯერმე სცადეს განას კართან ხიფათის შექმნა, თუმცა უშედეგოდ. დემპსისთან ერთად, აქტიური იყო ჟოზი ალტიდორი, რომელმაც მოგვიანებით ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. სავარაუდოდ, სანდერლენდის ფორვარდმა კუნთი გაიწყვიტა.

ამის შემდეგ, შეხვედრა გათანაბრდა და მეტიც - უპირატესობას განელები ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ყველაფერი ასე 82-ე წუთამდე გაგრძელდა, როდესაც კარგი კომბინაციის შემდეგ, ანდრე აიუმ ასამოა გიანის პასით ისარგებლა და ჰოვარდს შანსი არ დაუტოვა - 1:1. 

ამერიკელებმა კვლავ დაწინაურება რამდენიმე წუთში მოახერხეს. 86-ე წუთზე, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი განელთა კარში ბრუკსმა გადაგზავნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, G ჯგუფში აშშ მეორე ადგილს იკავებს, რადგან გერმანიას ბურთების უკეთესი შეფარდება აქვს.

ეროვნული ნაკრების პირველ მატჩს ბრაზილიის მუნდიალზე, აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში ათასობით გულშემატკივარმა ერთად ადევნა თვალი.

ფანების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა კალიფორნიაში, ჰერმონა ბიჩზე შეიკრიბა. ხალხმრავლობა იყო ჩიკაგოში მდებარე გრანტ პარკშიც.

გულშემატკივრებმა გამარჯვება იზეიმეს ნიუ იორკშიც და სხვადასხვა პატარა ქალაქებში მდებარე ბარებსა თუ სკვერებში, რისი ამსახველი ფოტოებიც მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებსა თუ პრესაში.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელი ბრაზილიელების შემდეგ, სხვადასხვა ეროვნების გულშემატკივრებს შორის, ამერიკელები მეორე ადგილს იკავებენ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ბილეთების შეძენის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი არ შედის ამერიკელების ყველაზე საყვარელ სპორტის 5 სახეობაში, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, მისი პოპულარობა ამ ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა.

კომენტარები