ცენტრალური საარჩევნო კომისიის 20:00-ის მონაცემებით, თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. დათვლილია უბნების უმრავლესობა. ამ დროის მონაცემებით, თბილისში, თელავში, რუსთავსა და ბათუმში ერთმანეთს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, მცხეთაში - ქართული ოცნების და მწვანეთა პარტიის კანდიდატები, გორში ქართული ოცნების და ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის კანდიდატები, ხოლო ფოთსა და ოზურგეთში - ქართული ოცნების და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები.
თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმათა 46.12% აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნიკა მელიას - 27.9%. 729 საარჩევნო უბნიდან, დათვლილია 720 უბნის მონაცემები.
თელავის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი პლატონ კალმახელიძე 43.15%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ალექსი ძულიაშვილი ხმების 22.32%-ით. დათვლილია თელავის საარჩევნო ოლქის ყველა (16) საარჩევნო უბანი.
რუსთავის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატს დავით ჯიქიას ხმების 40.34% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს - 29.52%. მესამე ადგილზეა ეროსი კიწმარიშვილი ხმების 11.96%-ით. ამ დროისთვის, რუსთავის 86 საარჩევნო უბნიდან, დათვლილია 73 უბანი.
მცხეთაში ხმების 100%-ია დათვლილი. ექვსიდან ექვსი უბნის მონაცემების მიხედვით, მცხეთის მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ავთანდილ ნემსიწვერიძე (33.64%) და მწვანეთა პარტიის კანდიდატი დავით მაჩხანელი (25.6%) დაუპირისპირდებიან. მესამე ადგილზეა ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ილია რუხაძე ხმების 23.87%-ით.
გორში, ამ ეტაპზე 34 უბნიდან 32 უბანია დათვლილი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გორში ქართული ოცნების კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი ლიდერობს (40.38%). მეორე ადგილზეა ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის კანდიდატი კახაბერ ერგემლიძე, რომელსაც ამ დროისთვის, ხმათა 29.27% აქვს.
ბათუმში, 103 საარჩევნო უბნიდან ცესკომ დაითვალა 100 უბნის მონაცემები. ქართული ოცნების მერობის კანდიდატს გიორგი ერმაკოვს ამომრჩევლის 45.75% უჭერს მხარს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გიორგი დიასამიძეს ხმათა 18.3% ერგო.
ფოთში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატს ირაკლი კაკულიას 45.49% აქვს. მეორე ადგილზეა უშანგი გეგენავა (დავით თარხან მოურავი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) ხმათა 21.5%-ით, რომელსაც 1.5%-ით ჩამორჩება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე (19.36%). ფოთში დათვლილია ყველა (32) საარჩევნო უბანი.
ოზურგეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე 33.87%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი შოთა გოგიბერიძე (21.99%), ხოლო მესამე ადგილზე - საქართველოს გზის კანდიდატი ივანე ტაბატაძე, რომელმაც ხმების 17.41% დააგროვა. ოზურგეთში, დათვლილია ყველა (13) საარჩევნო უბნის ბიულეტენები.
რაც შეეხება ქუთაისს, ამ თვითმმართველ ქალაქში 125 უბნიდან 123 უბნის ბიულეტენებია დათვლილი. ბოლო მონაცემებით, ქართული ოცნების მერობის კანდიდატს შოთა მურღულიას ხმების 51% აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიატს გიორგი თევდორაძეს - 26.18%.
ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იმარჯვებს ზუგდიდშიც. 42 საარჩევნო უბნიდან, დათვლილია 41 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, კოალიციის კანდიდატს ირაკლი გოგოხიას ხმათა 58.33% აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს - 33.16%.
ახალციხეში 13-დან 13 უბნის მონაცემებია დათვლილი. ამ ქალაქშიც, მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი კოპაძე იმარჯვებს ხმათა 60.44%-ით.
ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს ამბროლაურში. მმართველი კოალიციის კანდიდატს რატი ნამგალაძეს ამომრჩეველთა 82.22%-მა მისცა ხმა, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ამირან ლომთაძეს - 17.78%-მა. ამ დროისთვის, ამბროლაურში დათვლილია ხუთივე უბნის მონაცემები.





