ენმ: საარჩევნო ოლქების მნიშვნელოვან ნაწილში არჩევნები გაყალბდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯია როგორც წინა ადგილობრივ არჩევნებთან, ისე საქართველოში ბოლოს ჩატარებულ ორ - საპარალამენტო და საპრეზიდენტო - არჩევნებთან შედარებით. პარტიის განცხადებით, "პოლიტიკურ ოპონენტთა ღია და დეტალურად დოკუმენტირებულმა დევნამ, მათმა არჩევნებიდან ჩამოცილების მიზნით დაპატიმრებამ, მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრებზე საჯარო ფიზიკურმა ძალადობამ და ანგარიშსწორებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალ აქტივობაზე". ენმ-ის შეფასებით, ასეულ ათასობით მოქალაქის გუშინდელ არჩევნებზე არ მისვლა მთავრობის მიერ ხალხისთვის შეთავაზებული "არაცივილიზებული პოლიტიკური კონკურენციის" მიმართ პროტესტიც არის.

"ამ ყველაფერს ამძაფრებდა პრემიერმინისტრის და უმაღლესი თანამდებობის პირების დემოკრატიული საზოგადოებისთვის პრინციპულად დაუშვებელი ძალადობის გამამართლებელი და ზეაგრესიული განცხადებები. სამწუხაროდ, არჩევნების დღეს, ქართული დემოკრატიის ეს ნათლად გამოხატული უკანდახევა საარჩევნო ოლქების მნიშვნელოვან ნაწილში არჩევნების ხილული გაყალბებით დასრულდა. იმის გამო, რომ, განვლილი წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში, მთავრობამ ხალხს ვერ შესთავაზა გაკეთებული საქმე, ვერ გადაჭრა ვერც ერთი პრობლემა და ვერ ჩამოაყალიბა ქვეყნის განვითარების ვერანაირი ხედვა, ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა მიიღეს ხალხის არჩევანის მნიშვნელოვნად დამახინჯების და ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბით გამოყენების გადაწყვეტილება. ძალადობისა და კარგად აღნუსხული გაყალბების მიუხედავად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, და მრავალ სხვა რეგიონსა თუ ქალაქში მეორე ტურში გამარჯვებისათვის იბრძოლებს. საკუთრივ მეორე ტურების გამართვის ფაქტი ნათლად მეტყველებს არა მხოლოდ იმაზე რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ უუნარო მთავრობის მთავარ ალტერნატივად განიხილავს, არამედ იმაზეც, რომ მისი მხარდაჭერა სერიოზულადაა გაზრდილი" - აცხადებს ენმ და მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს.

"ჩვენი პარტია დაუღალავად იშრომებს იმისათვის, რომ დაიბრუნოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქის ნდობა, შეაჩეროს ქვეყნის უკუსვლა და საფუძველი დაუდოს საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიის კვლავ აღმავლობას. გვინდა მოგიწოდოთ, იმავე შემართებით გავაგრძელოთ ბრძოლა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყველა იმ ქალაქსა და რაიონში, სადაც მეორე ტურები დაინიშნა. და ბოლოს, ცალკე აღნიშვნის ღირსია პრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკურად უმწიფარი და უპასუხისმგებლო საქციელი, როდესაც, გამოცხადებული ობიექტური ეგზიტპოლების ფონზე, იგი დაჟინებით ცდილობდა თბილისის ამომრჩევლის ნების იგნორირებას და საკუთარი სურვილის მიხედვით კორექტირებას. ასეთი ხელოვნური ზეიმების ნაცვლად, ხელისუფლებამ საზოგადოების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოამჟღავნოს და მას გაკეთებული საქმეები შესთავაზოს" - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისსა და თვითმმართველი ქალაქების უმრავლესობაში მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ასევე, ბოლო მონაცემებით, მეორე ტური გახდება საჭირო 15 თვითმმართველ თემში. 

კომენტარები