სამმა არასამთავრობომ წინასაარჩევნო მონიტორინგის ერთობლივი შედეგები წარადგინა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
http://transparency.ge/

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები, ამომრჩევლის მოსყიდვის, პოლიტიკური აქტივისტების დაშინებისა და დაკავების ფაქტები. თუმცა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, პრობლემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისწინა პერიოდში გაცილებით მეტი იყო.

სამართლიანი არჩევნების, საიას და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური უნდა იყო დარღვევების პრევენციისა და მათზე დროული რეაგირების თვალსაზრისით. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ კომისიას მუშაობის განმავლობაში არ წარმოუდგენია მიწოდებულ დარღვევებზე რეაგირების ანგარიში.

"წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის არაერთი ფაქტი, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ". გამოვლინდა წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და სააგიტაციო მასალის დაზიანების არაერთი შემთხვევა, რაც ადასტურებს იმას, რომ პრობლემად რჩება პოლიტიკური კულტურის ძალადობრივი ხასიათი. ადმინისტრაციული რესურსის ფორმალური გამოყენების ფაქტები, ფაქტობრივად, არ დაფიქსირებულა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს ანალოგიური ეფექტი ჰქონდა" - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოზიტიურად უნდა შეფასდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა, რომლის საქმიანობაშიც არ შეიმჩნეოდა განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა პარტიების მიმართ.

ერთობლივ ანგარიშში ასევე წერია, რომ 2013-2014 წლებში მიმდინარე თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროცესში არსებობდა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინი, თუმცა რეფორმის საბოლოო შედეგები ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გაცხადებულ ამბიციურ გეგმებს არ შეესაბამება.

"სამწუხაროა, რომ არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა, რაც რეფორმის ძირითადი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო" - აღნიშნავენ არასამთავრობოები და დასძენენ, რომ უმოკლეს ვადებში რეფორმირებას საჭიროებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესიც, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს კომისიებში მრავალპარტიულ წარმომადგენლობას.

"პრობლემად რჩება საარჩევნო სიების საკითხიც, ვინაიდან ამჟამად არსებული საარჩევნო სია ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სანდოობას და არ ასახავს რეალურ სურათს. საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდა წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებას. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არა მხოლოდ მისთვის წარდგენილ საჩივრებს იხილავდა, არამედ სავარაუდო დარღვევების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციითაც ინტერესდებოდა და სავარაუდო დარღვევებს პროაქტიულად იხილავდა, რაც, ასევე, მისასალმებელია. შეკითხვები გააჩინა ცესკოს მუშაობამ, რომელმაც კანდიდატების რეგისტრაციასთან მიმართებაში არათანმიმდევრული მიდგომა გამოავლინა" - ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები