პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ვანო მაჭავარიანი: პრეზიდენტის თხოვნა გავითვალისწინე და განცხადება დავწერე

ვანო მაჭავარიანი
interpressnews

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ "გიორგი მარგველაშვილის თხოვნა გავითვალისწინე და პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა". ამის შესახებ ვანო მაჭავარიანმა რუსთავი 2-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას თქვა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ლაშა აბაშიძესთან, რომელმაც ასევე დატოვა თანამდებობა, "განსაკუთრებული კონფლიქტი" არ ჰქონია.

"მე და პრეზიდენტი ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ, ეს არ არის პირველი საუბარი განსაკუთრებით ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ. ერთობლივად ვისაუბრეთ, ალბათ უფრო მეტი საშუალება გვექნება რომ ვისაუბროთ და მეტი გავიგოთ", - აღნიშნა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

"პრეზიდენტს აქვს იმის კომპეტენცია, რომ თავისი ადმინისტრაცია ჩამოაყლიბოს იმ გამოწვევებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, რაც არის კონკრეტულ მომენტში, ეს არის ერთობლივი საუბრის შედეგი", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ "ლაშა აბაშიძესთან არასოდეს განსაკუთრებული კონფლიტი არ მქონია, ეს არის სამუშაო პროცესი, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ამას სხვა სარჩული არ ადევს. ნებისმიერ სამუშაო პროცესში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა".

მისი თქმით, ის იყო დაკავებული საგარეო მიმართულებით და შიდა პოლიტიკაში არ ერეოდა.

"მე პრეზიდენტთან მივედი მისივე თხოვნით. 6 თვეში მოვახერხეთ, რომ ადმინისტრაცია გახდა საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი. იყო ბაიდენთან შეხვედრა. ეს ამ გუნდის დამსახურებაცაა. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები თუ ამოვწურეთ, მინდა სხვებს წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ თანამდებობები გუშინ, "საკუთარი ინიციატივით" დატოვეს. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ვანო მაჭავარიანის თანამდებობაზე დანიშვნა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. 

კომენტარები