ქართული ოცნების მარნეულის გამგებლობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

კოალიცია ქართული ოცნების მარნეულის გამგებლობის კანდიდატმა მერაბ თოფჩიშვილმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

„მე პატივს ვცემ და ვეთანხმები კოალიცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს. მე და ჩემი მხარდამჭერები ბოლომდე ვიბრძოლებთ ქართული ოცნების და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებისთვის",- ნათქვამია თოფჩიშვილის განცხადებაში, რომელიც ქართული ოცნების პრესსამსახურმა გაავრცელა. 

გუშინ კოალიცია ,ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მიღო გადაწყვეტილება, თოფჩიშვილს კანდიდატურის მოხსნის თხოვნით მიმართოს. ამის მიზეზად კი კოალიციამ ის დაასახელა, რომ "ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია".

დღეს დილით კი, მერაბ თოფჩიშვილმა მარნეულში, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს, თუმცა, მოგვიანებით მან კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

მარნეულში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აკმამედ იმამყულიევია, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა, სასამართლომ კი აღადგინა. საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით, მათ კანდიდატს გამარჯვების რეალური შანსი აქვს და მთავრობა მის ჩამოშორებას ცდილობდა.

კომენტარები