საქართველო-ევროკავშირი

ბაროზო: მოვუწოდებთ რუსეთს, ნეგატიურ ზომებს არ მიმართოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, "გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები და ნეგატიურ ზომებს არ მიმართოს". ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო საქართველოსა და ევროკავშირისთვის. 

"ეს გახლავთ ისტორიული ცვლილება საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ ბოლო წლებში განახორციელა მთელი რიგი რეფორმები. საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში, რომელიც დაიწყო ევროკავშირმა, თუმცა, მეტის გაკეთებაა საჭირო. ასოცირების დღის წესრიგი გვაძლევს იმის ხედვას, რას უნდა მივაღწიოთ შემდეგი 3 წლის განმავლობაში. ჩვენი პარტნიორობის ამოცანაა თქვენი ამბიციების დაკმაყოფილება. ჩვენ არ ვახორციელებთ გამზადებული გადაწყვეტილების ექსპორტს, ჩვენ უბრალოდ, დახმარების ხელს გთავაზობთ. ამავე დროს, ვმუშაობთ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ჩვენც გვჭირდება სტაბილურობა", - განაცხადა ბაროზომ და აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი.

"საქართველოს ექნება წვდომა ევროპაში სხვადასხვა ტენდერებზე, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს ევროკავშირის ბაზრის სრულ გახსნამდე. ჩვენ ვართ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე. 52 მილიონია გამოყოფილი 2017 წლამდე, რომელიც ძირითადად დაიხარჯება თავსუფალი ვაჭროის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. იმისთვის, რომ დაფინანსდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. ასოცირების შეთანხმება, რომლის ხელმოწერასაც ვაპირებთ, ისეა შედგენილი, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო, რომ იგი ნამდვილად ვერ შეუშლის საქართველოს ხელს, ურთიერთობა გააუმჯობესოს თავის მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით.  ჩვენ ნამდვილად არ ვიღვწით ექსკლუზიური ურთიერთობებისთვის საქართველოსთან. მე ასევე მოვუწოდებ რუსეთს, გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები და ნეგატიურ ზომებს არ მიმართოს. ამას არავითარი მიზეზები და გამართლება არ ექნება", - განაცხადა ბაროზუმ და აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება ეხება საქართველოს მთელ ტერიტორიას, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს.

"ჩვენ მტკიცედ ერთგულები ვართ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულდება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ასევე ისარგებლებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირატესობებით", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

(გამოყენებულია ოფიციალური თარგმანი).

კომენტარები