საქართველო-ევროკავშირი

ფანჯიკიძე: არაფერი არ შეუშლის ხელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე დარჩენილ ორ კვირას "საქართველო გაივლის მშვიდად, საქმიან რეჟიმში და არაფერი არ შეუშლის ხელს ხელშეკრულების ხელმოწერას". ამასთან, როგორც მან პრემიერის და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ჟოზე მანუელ ბაროზოს დღევანდელ კონფერენციაზე გამოსვლით, "ჩვენ დავინახეთ ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი". ფანჯიკიძის შეფასებით, ბაროზოს ვიზიტი არის ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება.

"ბატონმა ბაროზომ აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი ურთიერთობის ბოლო ეტაპი, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. რომ საქართველომ აირჩია ევროპული არჩევანი და ეს არის სწორი არჩევანი. რომ ეს არჩევანი არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ხელს აწერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ეს მას ხელს არ უშლის, ჰქონდეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. მან ისაუბრა, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, რაც ის არის ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირი 13 ქვეყნით გაფართოვდა და ეს იყო მოგება არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს გუშინ ეწვია და დღეს დატოვებს.

კომენტარები