საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: ევროპული ინტეგრაცია ბუნებრივი პროცესია საქართველოსთვის

"ევროპული იდეა ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით ევროპელები", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო რედისონში, საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია იმიტომაც, "რომ ევროკავშირთან ასოცირების ისტორიული პროცესის საწყის ეტაპზე ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება პირველად იმართება რეგიონში".

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის, მისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული სივრცის შემადგენელი ნაწილი და ამას, პირველ რიგში, საერთო ღირებულებები განაპირობებდა.

"საქართველოს ისტორია ამ ღირებულებათა დაცვისთვის ბრძოლის ისტორიაა. მაშინაც კი, როდესაც ქვეყანას დროებით დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, საქართველოს არ გაუწყვეტია კავშირი ევროპულ იდეალებთან, ღირებულებებთან, კულტურასთან. მოვლენათა ისტორიულმა განვითარებამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ოცნებად და ისტორიულ მიზნად აქცია ", - თქვა პრემიერმა დ აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროინტეგრაციისკენ, აღსავსე იყო საერთაშორისო და შიდა გამოწვევებითა და საფრთხეებით.

"მათ შორის იყო სავაჭრო დისკრიმინაცია და ღია შეიარაღებული აგრესია. მიუხედავად ამისა, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროპული მომავლისაკენ, ვინაიდან ისტორიული არჩევანი - ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება არის ის საფუძველი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადა. საქართველოს ევროპული იდეა ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით ევროპელები. ევროპელობა ჩვენი ეროვნული იდენტურობის ნიშანია და არის ის ღირებულება, რომლისთვისაც იბრძოდა საქართველოს ხალხის მრავალი თაობა. ამდენად, ევროპული ინტეგრაცია ბუნებრივი პროცესია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა პრემიერმა. 

საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზოც ესწრება.

კომენტარები