საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტიც ხდება

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა განუხრელად მისდევს რეფორმების კურსს და მზად არის მის გასაგრძელებლად. სასტუმრო რედისონში, საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 27 ივნისს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის.

"ამ ნაბიჯით ევროინტეგრაცია საქართველოსთვის არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტი ხდება. ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს უმაღლესი დონის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები. ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. საქართველოს მთავრობა განუხრელად მისდევს რეფორმების კურსს, რომელიც ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი ელემენტია და მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისაკენ. ამ პროცესში, საქართველომ უკვე აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დადებითი შეფასებებიც ადასტურებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზოც ესწრება.

კომენტარები