რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი: ჩემი თითოეული ქმედება მიმართულია სახელმწიფო ინტერესების დაცვისკენ

Irakli Garibashvili official/Facebook.com

"ჩემი და ჩვენი გუნდის თითოეული ქმედება და განცხადება მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და გაძლიერებისკენ" - განუცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს BBC-ის ეთერში გასული ინტერვიუს შეფასებისას. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების თითოეული სიტყვა არის ასჯერ გაზომილი და მიმართულია მხოლოდ სახელმწიფოს გაძლიერებისკენ.

"ნაკლებად მაინტერესებს, რას იფიქრებს ოპოზიცია. ჩემთვის მთავარია, რას იფიქრებს მოსახლეობა და როგორ იქნება ჩვენი ხალხი. ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, როგორ გავაძლიეროთ ქვეყანა და პასუხისმგებელი ვართ ამომრჩევლის წინაშე. ერთი რეალობაა ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო მეორე ის, რომ რუსეთი ამ რეგიონების ანექსიით დაინტერესებული არ არის", - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, BBC WORLD NEWS-თან საუბრისას, წამყვანის კითხვაზე - "შიშობთ თუ არა, რომ შესაძლოა სამხრეთ ოსეთიც ყირიმის გზას დაადგეს და რუსეთის ფედერაციამ შთანთქას?", საქართველოს პრემიერმა უპასუხა, რომ "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრულიად განსხვავებული ვითარებაა". მისი თქმით, დიდი შეცდომაა ყირიმისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შედარება.

"როგორც ვიცი და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთს არ აქვს ორი დე ფაქტო ტერიტორიის, დე ფაქტო მთავრობების ანექსიის განზრახვა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან დიდ წარმატებას მიაღწია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერის აღნიშნულ განცხადებებს არაკომპეტენტურს და ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებს.

კომენტარები