მედიაზე ზეწოლა

ომბუდსმენი აჭარის უმაღლეს საბჭოს: შეისწავლეთ ვასაძის ქმედების კანონიერება

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, შეისწავლოს დეპუტატ  მედეა ვასაძის ქმედების კანონიერება და მისცეს შესაბამისი შეფასება. ომბუდსმენი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის მედეა ვასაძესა და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი ჟურნალისტის პირად ცხოვრებას ეხება.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ჟურნალისტის, ისევე როგორც ნებისმიერი ინდივიდის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით მისი ხელყოფა. ომბუდსმენი გმობს მომხდარ ფაქტს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან შეიცავს მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სახელმწიფოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს. ამასთან, უჩა ნანუაშვილის თქმით, მსგავსი გამონათქვამები არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 

დეტალურ დასკვნას სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე ტელეარხ 25-ის ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს პროკურატურით ემუქრება. სატელეფონო ჩანაწერში, რომელსაც TV 25 ავრცელებს, სავარაუდოდ, ვასაძე ჟურნალისტს ეუბნება, რომ "შენს ორიენტაციას აყენებენ ეჭვს ქვეშ". TV25-ის ინფორმაციით, დეპუტატმა ჟურნალისტს ჯაბა ანანიძის მომზადებული საგამოძიებო ფილმის გამო დაურეკა. "უმაღლესი კომფორტით" ეთერში 8 ივნისს გავიდა.

აღნიშნულ ფაქტზე ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა.

ამასთან, თავად მედეა ვასაძე Media.Ge-სთან საუბრისას ჯაბა ანანიძისთვის დარეკვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა უარყოფს მასზე ზეწოლის ფაქტს და ამბობს, რომ ეთერში გასულ ჩანაწერში ხმა დამონტაჟებულია.

კომენტარები