საქართველოს პრემიერის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და ყველა სოფელში". როგორც ბათუმში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანამ 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო. პრემიერის განცხადებით, ამ ფულს ქვეყანა ფეხზე უნდა დაეყენებინა.
"ყველამ ვიცით, რაშიც დაიხარჯა ეს ფული - სასახლეების მშენებლობაში და ერთი კაცის კაპრიზებში. ხალხს კი მუდმივად უმეორებდნენ, რომ ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა ქვეყანაში არასოდეს. დღესაც ამას იმეორებენ და იტყუებიან. თუ ეს ასე იყო, რატომ არის ჩვენი ხალხი ასეთ მძიმე ყოფაში?! რატომ ვერ მოხერხდა ვერსად, ვიმეორებ ვერსად ელემენტარული პრობლემების მოგვარება, რაც სრულიად სამარცხვინოა 21-ე საუკუნისთვის. სწორედ ამიტომ გამოუტანა ხალხმა განაჩენი ნაციონალურ მოძრაობას და ჩამოაშორა ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ არის მოახლოებული არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად ისინი სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და ყველა სოფელში. დღეს ისინი ისევ ცდილობენ ხალხის მოტყუებას, მაგრამ ხალხი არ მოტყუვდება! ისე, როგორც არ მოტყუვდა საპარლამენტო არჩევნების დროს და ჩვენს პოლიტიკურ ძალას -ქართულ ოცნებას ანდო ქვეყანა", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ის დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებშიც კიდევ ერთხელ გამოუცხადებს ხალხი ნდობას ქართულ ოცნებას.
მსგავს განცხადებებს საქართველოს პრემიერი წინასაარჩევნოდ რეგიონებში შეხვედრებისას, პირველად არ აკეთებს. გასულ კვირაში გურიაში ვიზიტისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას”. მისივე თქმით, "მთავარია, ეს არჩევნები გადავაგოროთ კარგად და ნაციონალების არც ერთი ნარჩენი არ უნდა დავტოვოთ, ისინი მატყუარა ხალხია და მაგათ დაანგრიეს ქვეყანა".





