ჟვანია: ამერიკის საელჩოს განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დროული

pirveliradio.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დროული. ჟვანია დღეს ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, მათ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

"ამერიკის საელჩოს განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დროული, ვინაიდან ყველა გაჟღერებული ინფორმაცია თუ ფაქტი, რომელიც კანდიდატებზე ან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე ზეწოლას უკავშირდება, უნდა იყოს გამოძიებული რაც შეიძლება დროულად და შესაბამისად. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენ ვისაუბრეთ ამ კონკრეტულ საკითხებზე, მიმდინარე პროცესებზე, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციაში, გადაწყვეტილებებზე, რაც ცენტრალურმა კომისიამ მიიღო და საერთო შეჯამება, შეთანხმება გახლდათ ისეთი: ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნების დღე იყოს მშვიდი", - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩო საქართველოში წინასაარჩევნოდ, მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებით შეშფოთებულია. საელჩო საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნული მარნეულში გააპროტესტეს. მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

გარდა ამისა, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

7 ივნისს კი, ბათუმში, ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დღესაც, 9 ივნისს, ამჯერად ცაგერში დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოსახლეობასთან შეხვედრისას დახვდნენ ქართული ოცნების წევრები და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მათ ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

კომენტარები