ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის 3 429 748 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 429 748 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

დღესვე საარჩევნო ადმინისტრაცია იწყებს ამომრჩეველთა ბარათების დარიგების მეორე ეტაპს. პირველად მათ ბარათები მონაცემების გადამოწმების მიზნით, 1 თვის წინ დაურიგდათ. ბარათებში, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დღეიდან დაარიგებენ, მითითებულია, რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ამომრჩევლებმა ხმის მისაცემად. 

თუ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა, უნდა დაუკავშირდნენ  შესაბამის უბანს 12 ივნისს 18:00 საათის ჩათვლით. დამატებითი ინფორნაციის მისაღებად კი უნდა დარეკონ ცესკოს კონტაქტ-ცენტრის ნომერზე - 2 51 00 51.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკომ დაიწყო საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების ბეჭდვის პროცესი. ბეჭდვა 11 სტამბაში მიმდინარეობს. პროცესს ცესკოს წევრებთან ერთად, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები - ”საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი”, ” განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” და ” ჩვენ - ჯანსაღი მომავლისთვის” - აკვირდებიან. 

9 611 100 ბიულეტენიდან იბეჭდება:

პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 3 203 700; მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის 3 203 700; 12 თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის - 1 389 550; 59 მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევის მიზნით - 1 814 150.

ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების - სომხურ-ქართულ, აზერბაიჯანულ-ქართულ და ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე. 

ბიულეტენები იბეჭდება შემდეგ სტამბებში - კაბადონი+. ფორმა, მვპ, საარი, არტ ჰაუსი, კარტოგრაფია, პრინტმასტერი, სტამბაკომი, თამარიონი 2012, ფავორიტი, ბეჭდვის სიტყვის კომბინატი.

კომენტარები