ხიდაშელი: ენმ-ს რჩევას ვაძლევ, ხულიგნების პარტიად ნუ იქცევიან

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ურჩევს, "საბოლოო სახეს ნუ დაკარგავენ და ხულიგნების პარტიად ნუ იქცევიან". თინა ხიდაშელმა მარნეულში გუშინ მომხდარი ინციდენტი შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობისთვის ხელშეშლა იწვევს პასუხისმგებლობას. თუმცა, დეპუტატის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამაზე განსაკუთრებული რეაგირება ვერ მოხდება. 

თინა ხიდაშელის თქმით, როდესაც რომელიმე კონკრეტული პირი საჯარო დაწესებულებაში კომისიის სხდომის ჩაშლას ცდილობს, ნორმალურ სახელმწიფოში ამაზე პასუხისმგებლობა დგება.

"საქართველოში, როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობა ვერ ეგუება იმას, რომ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც დედამიწის ზურგზე შენიშვნა არავის გამოუთქვამს. წინ არის მეორე არჩევნები, რომელიც კიდევ უფრო მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. ამას ვერ ეგუებიან და, როგორც ჩანს, ცდილობენ ამ პროცესის დისკრედიტაციას. ეს არ გამოუვათ. 15 ივნისს ჩატარდება ყველაზე სანიმუშო და სამაგალითო არჩევნები საქართველოში, იმის მიუხედავად, როგორ გაგიჟდება ნაციონალური მოძრაობა. მე მათ უბრალოდ რჩევას მივცემდი, საბოლოოდ ნუ დაკარგავენ სახეს და ხულიგნების პარტიად ნუ იქცევიან, რაც უკვე არიან და, რაც ძალიან სამწუხაროა მათთვის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გუშინ საღამოს განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის განცხადებაში შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას" ცდილობდა. ცესკო ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოუწოდებს „არ განახორციელონ ისეთი სახის ქმედება, რომელიც შეიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ნიშნებს და იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონმდებლობის შესაბამისად".

კომენტარები