გაეროს გენერალური ასამბლეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოში დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

Pakistan's FM Qureshi speaks during a plenary meeting of the 64th General Assembly Session of the United Nations
Lucas Jackson / REUTERS

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 68-ე სესიაზე საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია 69 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ცნობით, გენერალურმა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მღებით კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები.ასამბლეამ რეზოლუცია უკვე მეშვიდედ მიიღო.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ამავე დროს იგი მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

შარშანდელ კენჭისყრასთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა 7 ხმით გაიზარდა, მოწინააღმდეგეთა კი 3-ით - შემცირდა.

„მოხარული ვართ, რომ 2013 წელთან შედარებით რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თბილსის წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ „რუსეთის ფედერაცია კვლავ შეეცადა დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირებას".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის გაეროს წევრ ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც ხმა მისცეს რეზოლუციის სასარგებლოდ, ასევე იმ მეგობარ ქვეყნებს, რომლებმაც მაქსიმალური ძალისხმევა გასწიეს რეზოლუციის სასარგებლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით.

კომენტარები