პრეზიდენტი პროკურატურას კანდიდატურების მოხსნის შემთხვევების გამოძიებას სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს ოპოზიციის წევრების მიერ კანდიდატურების მოხსნის შემთხვევები. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა და უთხრა, რომ შეხვედრის თემატიკა ორ ნაწილად იყო გაყოფილი.

"პირველი, ეს იყო თვითონ საარჩევნო სისტემა და ამ მიმართულებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს ბევრი ჩასწორების და შესწორების სურვილი. მე მივეცი პირობა, რომ ყოველთვის ყურადღებით მოვისმენ მათ შეხედულებებს. კიდევ ერთი საკითხი იყო არსებული არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, რამდენად რთული და სერიოზული დარღვევებია. ზოგადად, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დარღვევების სირთულე და მასობრიობა არ შეიმჩნევა, თუმცა ამ ბოლო დროს, არის კანდიდატურების მოხსნის რამდენიმე შემთხვევა. მინდა მოვუწოდო პროკურატურას, რომ დროულად გამოიძიოს ეს შემთხვევები, რადგან ეს არ არის უბრალოდ შესაძლო სამართალდარღვევები, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისთვის მდგრადობისა და სუვერენობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ საარჩევნო პროცესში დასმული კითხვები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევების გამოძიება უმნიშვნელოვანესია. 

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმდნენ, "რომ სტანდარტები, რომლითაც საარჩევნო პროცესი შეფასდება, იქნება სულ უკეთესობისკენ და მომავალზე ორიენტირებული და არა წარსულზე".

ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიები ხშირად საუბრობდნენ კანდიდატებზე ზეწოლაზე. განცხადებები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და აღნიშნეს, რომ ოპოზიციური პარტიების კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს ხსნიან, რის გამოც, ზოგიერთ რეგიონში, პარტია რეგისტრაციიდან მოიხსნა. ამასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების ინიციატივით, გუშინ ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ პარტიული სიის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, საარჩევნო რეგისტრაციიდან პარტია არ მოიხსნება. 

 

კომენტარები