პრემიერი: ამბიცია გვაქვს, რომ ეს არჩევნები წინაზე უკეთესი იყოს

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს ამბიცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებზე უკეთესი იყოს. როგორც პრემიერმა ექსპო ჯორჯიაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე თქვა, საარჩევნო გარემო გაუმჯობესდა.

"აბსოლუტურად გავაუმჯობესეთ საარჩევნო გარემო. იგივე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩვენო გარემო იყო აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, რომელმაც დაიმსახურა ძალიან მაღალი შეფასებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ იგივე პირობებში და კიდევ უფრო უკეთეს პირობებში ჩავატაროთ ადგილობრივი არჩევნები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიები ხშირად საუბრობდნენ კანდიდატებზე ზეწოლაზე. განცხადებები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და აღნიშნეს, რომ ოპოზიციური პარტიების კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს ხსნიან, რის გამოც, ზოგიერთ რეგიონში, პარტია რეგისტრაციიდან მოიხსნა. ამასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების ინიციატივით, ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ პარტიული სიის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, საარჩევნო რეგისტრაციიდან პარტია არ მოიხსნება. 

კომენტარები