NATO-საქართველო

რასმუსენი: საქართველოს მიღწეული პროგრესი უელსის სამიტზე სათანადოდ აისახება

NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე საქართველო-NATO-ს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსული აგრესია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს ემუქრება. ანდერს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

"კრიზისი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. NATO არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას, ასევე არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით თავდაცვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ჩვენ ამ მიმართულებით დახმარებას გავაგრძელებთ. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისწრაფებას, გახდეს NATO-ს წევრი, თვის ბოლოს განიხილავენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახება მომავალ სამიტზე", - განაცხადა რასმუსენმა.

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს პირისპირაც შეხვდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო NATO-სა და შეერთებული შტატებისგან სერიოზულ სამხედრო დახმარებას მიიღებს.

გარდა ამისა, დღეს ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა უკრაინის კრიზისი, NATO-ს გაძლიერებისა და მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, NATO უკრაინისთვის დახმარების პაკეტზე, ასევე ევროპაში კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობს.

კომენტარები