პეტრიაშვილი: ობამას ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივას საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან გზავნილად აფასებს.

"მინდა გამოვეხმაურო აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას კონგრესისადმი ერთი მილიარდი დოლარის მოთხოვნით მისი მიმართვის თაობაზე, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, საქართველოსთვის ერთობლივი წვრთნების, თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებისა და გაუმჯობესებისათვის კონკრეტული თანხების გამოყოფას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის, ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მოხდება სერიოზული ინტენსიფიკაცია კონსულტაციების, როგორც ორმხრივად აშშ-თან, ისე, NATO-ს სხვა დანარჩენ პარტნიორებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეხვედრების ფორმატში", - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას გეგმავს. ამისთვის ბარაკ ობამა კონგრესს დამატებით მილიარდ დოლარს სთხოვს. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა უსაფრთხოების სფეროში ახალ გამოწვევებს უკავშირდება. გათვალისწინებულია ამერიკული საზღვაო ძალების გაძლიერება შავ და ბალტიის ზღვებზე. 

რამდენიმე კვირის წინ შეერთებულმა შტატებმა NATO-ს მანევრებში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი უკვე გაგზავნა. უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ შავ ზღვაში ამერიკულi სამხედრო გემები პატრულირებენ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შესთავაზოს NATO-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ალასანიას თქმით, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და რუსეთი მიხვდება, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან საკითხს.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და ალიანსი განიხილავს მის წინადადებას საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განლაგების შესახებ.

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, საქართველოში NATO-ს თავდაცვითი საშუალებების განთავსებაზე ირაკლი ალასანიამ ნაჩქარევი განცხადება გააკეთა და ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო. უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის თქმით კი, თავად ამ განცხადებას ეთანხმება, თუმცა, მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს როგორც მთავარსარდალთან, ასევე უშიშროების საბჭოზეც უნდა იყოს განხილული.

კომენტარები