ბარაკ ობამას ინიციატივა

დოლიძე: ობამას ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინადადებაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და NATO-ს სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პროცესის ნაწილია.

"მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვის სისტემების, თავდაცვის სფეროს გაძლიერებაზე, ჩვენი შესაძლებლობების NATO-ს სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, ბუნებრივია, იგულისხმება როგორც მრავალმხრივ ფორმატში დახმარება, ასევე დახმარება ორმხრივ ფორმატში NATO-ს წევრი ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით პარტნიორებთან ურთიერთობას. საუბარია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. პარალელურად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან გაწევრიანებაზე. არის პროცესი, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ წარმატებით მივდივართ", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა კონგრესს წინადადებით მიმართავს, მილიარდი დოლარი გამოყოს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედროების განთავსებისთვის. BBC-ს ინფორმაციით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში ჩასვლისას, აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტ, ბრონისლავ კომაროვსკისთან შეხვედრისას განაცხადა, ამერიკის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წმინდა მოვალეობაა.

"ჩვენი ვალდებულება პოლონეთის და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელი სხვა მოკავშირეების მიმართ ჩვენივე უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ამიტომ წმინდაა", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

 

კომენტარები