ცესკო: სიის შემცირების გამო, პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან აღარ მოიხსნება

ცესკოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ პარტიული სიის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, საარჩევნო რეგისტრაციიდან პარტია არ მოიხსნება. აღნიშნული ინიციატივით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ გუშინ მიმართა. დილით თამარ ჟვანია აცხადებდა, რომ აღნიშნული არა ცესკოს, არამედ პარლამენტის კომპეტენცია იყო, თუმცა აღნიშნული ინიციატივა სპეციალური დადგენილებით მხოლოდ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამტკიცდა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ცესკოს ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა, მათი თქმით, რომ არა მათ თანაგუნდელებზე ზეწოლა, სპეციალური დადგენილების მიღება საჭირო არ იქნებოდა.

ოპოზიციური პარტიების კანიდიდატებზე ზეწოლის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მათი თქმით, სავარაუდო ზეწოლის ფონზე 8 რეგიონის 15 ოლქში, 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა, საკუთარი კანდიდატურა რეგისტრაციიდან მოხსნა. მათივე თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ კანდიდატურებს ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხსნიან და მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებენ.

კომენტარები