ქართული ოცნების ინიციატივა

ჟვანია: კალაძის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს ეხება

pirveliradio.ge

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, კახა კალაძის ინიციატივა კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს ეხება და ნორმის ამოღება ან შეცვლა სწორედ მისი კომპეტენციაა და არა ცესკოსი. საქმე ეხება ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის ინიციატივას მოქმედი საკანონმდებლო ნორმის შეცვლის შესახებ. მოქმედი ნორმა პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს. ქართულმა ოცნებამ ცესკოს აღნიშნული ნორმის გაუქმების ინიციატივით მიმართა.

ჟვანიას თქმით, ინიციატივის დამტკიცება თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერ მოესწრება.

"კახი კალაძის ინიციატივა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს უფრო სამომავლო პერსპექტივის მქონეა, ვინაიდან ინიციატივა ეხება კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს, ნორმის ამოღება ან შეცვლა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაა და არა ცესკო-სი. ჩვენ ვსწავლობთ დმანისის ფაქტს, ინიციატივა მომზადებული გვაქვს და დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას. არსებობს გარკვეული ვადების თვალსაზრისით შეუსაბამობა კანდიდატის მოხსნასა და სიის მოხსნას შორის ამდენად ჩვენ დადგენილებით აღვწერთ ზუსტად პროცედურას რა შემთხვევაში შეიძლება პარტიული სია იქნას მოხსნილი", - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც ისინი კანდიდატურას ხსნიან და შესაბამისად, იქმნება საფრთხე, რომ პარტიული სია საერთოდ მოიხსნას არჩევნებიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა ამ მხრივ დმანისშია, სადაც პროპორციულ სიაში კანდიდატთა მინიმუმი 10 ადამიანია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 15-კანდიდატიან სიაში თავდაპირველად ხუთმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. ერთი დამატებითი კანდიდატის მიერ სიაში ყოფნაზე უარის თქმა სიის გაუქმებას გამოიწვევდა. ხუთმა კანდიდატმა მოიხსნა რეგისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანება ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან (ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია), რის შედეგადაც პარტიას გაუუქმდა პარტიული სია და ვერ შეძლებს პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

თუ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, პროპორციულ სიაში მინიმუმ 15 კანდიდატი უნდა იყოს, ხოლო თუ 75 000-ზე ნაკლებია, მაშინ – მინიმუმ 10 კანდიდატი. საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ორი დღისა, რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ზემოაღნიშნულ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუქმდება პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია ანუ პარტია, ამ საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

დმანისის საკითხს ცესკო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები