ცესკოს ამომრჩეველთა საბოლოო სია გადაეცა

ცესკო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს ამომრჩეველთა საბოლოო მონაცემები გადასცა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იუწყება,
საარჩევნო კოდექსის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები მიაწოდოს.

სერვისების განვითარების სააგენტოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესადგენად აუცილებელი მონაცემების დახვეწა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 15 ივნისის არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი საბოლოო მონაცემები ცესკო-ს დღეს გადაეცა კანონით დადგენილი წესით.
"საარჩევნო კოდექსში" უკანასკნელ პერიოდში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამომრჩეველთა სიის ერთ-ერთი რეკვიზიტია ამომრჩევლის ფოტოსურათი, რის შედეგადაც, 15 ივნისის არჩევნებზე, საქართველოს პირველად ექნება საარჩევნო უბნებზე ფოტოსურათიანი სიები.

ფოტოსურათიანი საარჩევნო სიის შედგენის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განახორციელა და 28 მაისს დაასრულა სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ფოტოსურათებისა და სხვა მონაცემების გაორებების აღმოფხვრის პროექტი. ამ მიზნით შეძენილ იქნა სპეციალური ფოტოსაძიებო სისტემა, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს 4 348 919 სხვადასხვა მონაცემი და მონაცემთა კომბინაცია. ბაზაში 9 595 სავარაუდო გაორება აღმოჩნდა, რომლებიც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გადაიგზავნა. შესაბამისი საქმის წარმოების შედეგად, საბოლოოდ, 5 537 შემთხვევაში გაორება არ დადასტურდა, ხოლო გაორება აღმოიფხვრა 3 271 შემთხვევაში და ერთ-ერთი დოკუმენტი გაუქმდა. აღნიშნული მონაცემები ამომრჩეველთა სიაში უკვე აღარ ფიგურირებს.

იმავე პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნებისათვის სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ ბაზებში მთლიანობაში გასწორდა მოქალაქის მონაცემებზე არასწორად მიბმული 90 787 ფოტოსურათი.

ამასთან, ამომრჩეველთა ერთიანი სიისათვის საჭირო მონაცემების დახვეწის მიზნით, იუსტიციის მინისტრის სხვადასხვა ბრძანების საფუძველზე, პირადობის მოწმობის და ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი იქნენ უმისამართოდ რეგისტრირებული (სულ ასეთი იყო 41 259), რეგიტრაციიდან მოხსნილი (სულ ასეთი იყო 101 165) და მონაცემთა ბაზაში უხარისხო ან ფოტოსურათის გარეშე (უხარისხო ფოტოს მფლობელი 3 606 პირი, სურათის გარეშე მყოფი 6 807 პირი) პირები. აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა 12 048-მა მოქალაქემ, მათ შორის 3 353-მა მანამდე უმისამართოდ რეგისტრირებულმა, 7 757-მა მანამდე რეგისტრაციიდან მოხსნილმა პირმა და 875-მა პირმა, რომელთაც ფოტოსურათთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდათ.

საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
2014 წლის 25 მაისის მდგომარეობით საქართველოში ასეთი 60 000-მდე მოქალაქე იყო აღრიცხული.

ამ კატეგორიის მოქალაქეების საარჩევნო უფლების უზრუნველსაყოფად, იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ეს მოქალაქეები პირადობის მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდისგან გათავისუფლდნენ, თუ ისინი მიმართავდნენ სერვისების განვითარების სააგენტოს ასეთი მოთხოვნით 2014 წლის 1 ივნისამდე.
სამინისტროს ცნობით, ამ აქციით 25 918-მა მოქალაქემ ისარგებლა, რომლებმაც პირადობის მოწმობა აიღეს და შესაბამისად მოხვდნენ საარჩევნო სიაში.

კომენტარები