პოლიციელის დღე

პრემიერი: ალექსანდრე ჭიკაიძე არის ადამიანი, რომელიც არასოდეს გიღალატებს

შსს

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე მისთვის განსაკუთრებულად ემოციურია.
როგორც ღარიბაშვილმა ბათუმში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო და ამავე დროს საპატიო იყო შინაგან საქმეთა მინისტრობა.

„ამ სისტემაში გატარებულმა თითოეულმა დღემ უზარმაზარი გამოცდილება და ცოდნა მომცა, ასევე მომცა განსხვავებული ენერგია. აქ სულ სხვა სულისკვეთებაა. აქ განვიცადე ის ბედნიერება, რასაც ჰქვია შენი სამშობლოს სიყვარული, შენი სამშობლოს სამსახური. სწორედ აქ შეგიძლია ბოლომდე გამოხატო შენი ერთგულება და სამშობლოს სიყვარული. აქ შეგიძლია დაამტკიცო, თუ როგორ ერთგულად ემსახურები შენს ქვეყანას.
მე ვარ მადლიერი თითოეული თქვენგანის, იმიტომ, რომ თქვენი წარმატებული საქმიანობა ყოველთვის განაპირობებს მინისტრის წარმატებულ საქმიანობას“, - განაცხადა პრემიერმა და შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეზე ისაუბრა.

„ლექსო არის ნამდვილი პოლიციელი. ის არის ღირსეული ადამიანი, რომელიც ღირსეული პოლიციელის ოჯახში აღიზარდა. ის არის ადამიანი, რომელმაც იცის სამშობლოს სიყვარული და საქმის ერთგულება. ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს გიღალატებს. მე ვიცი, რომ თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მინისტრის იმედი“, - მიმართა ღარიბაშვილმა პოლიციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს ბათუმში აღნიშნავს. 

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე, სადაც შსს-ს დანაყოფებმა თავიანთი ავტოპარკი, ტექნიკა, იარაღები და აღჭურვილობა წარმოადგინეს.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წლიდან, პოლიციელის პროფესიული დღე 6 მაისს აღინიშნებოდა, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციელის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულება”. პოლიციელის დღის დაწესება შინაგან საქმეთა კომპეტენციაში გადავიდა.

 

კომენტარები